საფინანსო კომპანია „საქართველოს“ საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი ორივე ბრალდებულისთვის 10-10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი ორივე ბრალდებულისთვის აღმკვეთ ღონისძიებად 10-10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ადვოკატ თამარ წერეთლის თქმით, არც თამაზ ლობჟანიძის და არც მერაბ ფერაძის მიმალვის საფრთხე არ არსებობს, რადგან გამოძიება მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და ბრალდებულები მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოძიებასთან თანამშრომლობენ. ამასთან, ბრალდებულების მიერ შეუძლებელია მოწმეებზე ზეწოლა, რადგანაც საქმეში 2600-მდე პირი ფიგურირებს.

ადვოკატის განცხადებით, მერაბ ფერაძემ თანხები საფინანსო კომპანიისგან ისესხა, რათა ბიზნეს საქმიანობა ეწარმოებინა, ეს კი, მისი თქმით, დევნის საფუძველი ვერ გახდება.

დაცვის მხარის შუამდგომლობას ბრალდება არ იზიარებს. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულების შემაკავებელი ღონისძიება 10 ათასი ლარი ვერ იქნება, რადგან რამდენიმე მილიონი ლარი აქვთ გაფლანგული. ბრალდება აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

საქალაქო სასამართლოში ასევე იმყოფებიან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულები. როგორც ისინი აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, მიყენებული ზარალი აუნაზღაურდეთ.