Süddeutsche Zeitung-ისთვის ხელმისაწვდომი გახდა დოკუმენტები, რომლითაც რექს ტილერსონი ამერიკულ-რუსული ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი იყო

გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ისთვის ხელმისაწვდომი გახდა დოკუმენტები, რომლითაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი რექს ტილერსონი ბაჰამის კუნძულების ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ამერიკულ-რუსული ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი იყო, 1998-2001 წლების პერიოდში.

დოკუმენტის მიხედვით, ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-ის პრეზიდენტი რექს ტილერსონი რუსული ნავთობკომპანიის შვილობილის Exxon Neftegas-ის დირექტორი 1998 წელს გახდა.

გამოჟონილი დოკუმენტი 2001 წლის ბაჰამის კუნძულების კორპორატიული რეესტრიდანაა. ის 1.3 მილიონი დოკუმენტიდან ერთ-ერთია, რომელიც გერმანულ გამოცემას Süddeutsche Zeitung ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.

კომპანია, რომელსაც რექს ტილერსონი ხელმძღვანელობდა, ნავთობისა და გაზის პროექტის „სახალინი 1“-ის ოპერატორი იყო. ამ კომპანიაში თავისი წილი ნავთობისა და გაზის რუსულ კონცერნ „როსნეფტს“ გააჩნია, რომლის ხელმძღვანელს იგორ სეჩინს რექს ტილერსონთან არა მხოლოდ საქმიანი, არამედ მეგობრული ურთიერთობებიც აკავშირებს.

”მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელობაში არახელსაყრელი არაფერია, აქამდე ეს ცნობილი არ იყო და სავარაუდოდ, კითხვებს გამოიწვევს ტილერსონის კავშირებზე რუსეთთან”, - წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ რექს ტილერსონის კანდიდატურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს. თუმცა, ბევრი სენატორი მას რუსეთთან სიახლოვის გამო აკრიტიკებს. ინფორმაციამ ტილერსონის ოფშორულ ბიზნესზე ეს კრიტიკა შეიძლება გააძლიეროს.