ცოტნე ყავლაშვილი - ჩვენ მივიღეთ საბიუჯეტო დაფინანსება აზიის განვითარების ბანკისგან 258 მლნ ლარის ოდენობით

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს პარლამენტში გაიგზავნა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 11 თვის შესრულების საბოლოო პარამეტრები და ეს მაჩვენებლები წლიდან წლამდე უმჯობესდება. ყავლაშვილის თქმით, ეს მნიშვნელოვნად მეტყველებს ბიუჯეტის თანაბარ ხარჯვაზე, ხოლო მაჩვენებლები განთავსებულია ხაზინის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია ყველასთვის.

”მნიშვნელოვანია, რომ დეკემბრის დასაწყისში ჩვენ მივიღეთ საბიუჯეტო დაფინანსება აზიის განვითარების ბანკისგან 258 მლნ ლარის ოდენობით და ევროკავშირისგან ველოდებით საბიუჯეტო გრანტებს 100 მლნ ლარის ოდენობით. ამ მომენტისთვის, 2016 წელს შემცირებული გვაქვს ფულის მასა 440 მლნ ლარით, ასევე მნიშვნელოვანი შემცირება გვაქვს დეკემბრის თვეში“, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, წლის ბოლოსთვის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები გეგმასთან სრულ შესაბამისობაში იქნება, როგორც შემოსულობების, ისე ხარჯვითი ნაწილის მიმართულებით.

”ეს ძალიან ნიშანდობლივია და ეკონომიკაში პოზიტიურ მიმართულებაზე მეტყველებს, მნიშვნელოვან გადაჭარბებას ველოდებით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მიმართულებით (დაახლოებით 100 მლნ)”, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.