ბათუმის მერიის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ერას მოედნის საახალწლო გაფორმებაზე უარი თქვა

ბათუმის მერიის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „კრეატივ ჯგუფმა“ ერას მოედნის საახალწლო გაფორმებაზე უარი თქვა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, დათქმულ დროში საჭირო მასალების შეძენას ვერ ასწრებდნენ. ტენდერის პირობების შეუსრულებლობისთვის „კრეატივ ჯგუფი“ დისკვალიფიცირებულია.

სსაიპი „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ჯონი საბაშვილის თქმით, ფორსმაჟორული სიტუაცია იმის გამო შეიქმნა, რომ მერიასთან არსებული კომისია გვიან შეიკრიბა.

„გვიან შეთანხმდა საკონცერტო პროგრამა და ამის შემდეგ დაიგეგმა ისიც, თუ რა თანხას მოგვცემდნენ. გამოვაცხადეთ ტენდერი და გამარჯვებულიც გამოვლინდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადა, მათ შორის იმ მიზეზით, რომ დათქმულ დროში საჭირო მასალების შეძენას და ტერიტორიის მორთვას ვერ მოასწრებდა. კომპანია დისკვალიფიცირებულია და ე. წ. შავ სიაში მოხვდა“, - განაცხადა ჯონი საბაშვილმა და აღნიშნა, რომ ახალი წლისთვის ერას მოედნის მოსართავად 145 ათასი ლარის განკარგვისთვის ბათუმის მერია ტენდერს აღარ გამოაცხადებს.

რაც შეეხება საახალწლო კონცერტს, „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელის განმარტებით, კონცერტების ჩატარება 25 დეკემბრიდან არის დაგეგმილი.

„პროგრამაში ძირითადად ადგილობრივი საბავშვო სტუდიების კონცერტებია გაწერილი. პროგრამის მიხედვით, 31 დეკემბერს, ანუ ახალი წლის ღამეს ნატო მეტონიძემ, ლიზი ბაგრატიონმა, თაკო გაჩეჩილაძემ და ნინი ბადურაშვილმა უნდა იმღერონ, საღამოს ერთ-ერთი წამყვანი კი სოფო ხალვაში იქნება. მომღელებისგან თანხმობა უკვე არსებობს, მაგრამ ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა და შესაძლებელია, სცენარში ცვლილებები შევიდეს. ხშირად ხდება, როცა მომღერალი ბოლო მომენტში ამბობს უარს კონცერტში მონაწილეობზე, ამიტომ ალტერნატივაზეც ვფიქრობთ“, - აღნიშნა ჯონი საბაშვილმა.