გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები, 26 დეკემბერს გახდება ცნობილი

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები 26 დეკემბერს გახდება ცნობილი , - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ სემეკის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც თბოელექტროსადგურების ტარიფების დადგენა მოხდა.

„რაც შეეხება თბოელექტროსადგურებისთვის გაზრდილი ტარიფების ზეგავლენას სამომხმარებლო ტარიფებზე, პრინციპში ამ ტარიფებით იხელმძღვანელებს ტარიფებისა და ფასთწარმოქმნის დეპარტამენტი, შესაბამისად, უკვე ორშაბათისთვის გვექნება სურათი, თუ რა სიტუაცია იქნება სამომხმარებლო ტარიფებთან მიმართებაში”, - განაცხადა გოჩა შონიამ დასძინა, რომ არ უნდა წინასწარ ვარაუდის დონეზე თქვას, თუ როგორი იქნება სამომხმარებლო ტარიფები.

მისივე თქმით, თბოელექტროსადგურებისთვის ტარიფების დადგენა მოხდა ეროვნული ბანკის მიერ დოლართან მიმართებაში გუშინ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის- 2.7831-ის მიხედვით.

თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფები გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

სემეკის მიერ დღეს დადგენილი ტარიფები ძალაში შევა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან და იმოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრამდე.