გიორგი შაგიძე - ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული

ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული და ამაზე მეტყველებს ყველა ის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც ქვეყანაში არსებობს , - ამის შესახებ "თი-ბი-სი ბანკის" ფინანსურმა დირექტორმა გიორგი შაგიძემ განაცხადა. მისი მტკიცებით, ლარის ზედმეტად გაუფასურება უფრო "ბაზარზე აჟიოტაჟს" უკავშირდება, ვიდრე რომელიმე ფუნდამენტურ ფაქტორს.

მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკის გუშინდელი ინტერვენცია იყო სწორი და დროული.

"როგორც ყველამ ვიცით, ტურიზმი, ფულადი გზავნილები, ექსპორტი არის გაზრდილი. ბოლო თვის ინფორმაციით, როგორც გვეუბნებიან იმპორტიც შემცირებულია, შესაბამისად, ლარი არის ნამდვილად ზედმეტად გაუფასურებული. გარდა შიდა ფაქტორებისა, გარე ფაქტორებსაც თუ შევხედავთ, არის დასტაბილურებული ძირითადი სავაჭრო პარტნიორების კურსები. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ინტერვენციას, ეს იყო ძალიან სწორი და დროული გამომდინარე იქედან, რომ ზედმეტად გაუფასურებული ლარი და ემოციური ფაქტორი რომ მოეხსნა. ლარის ზედმეტად გაუფასურება ჩემი აზრით, ეს არის უფრო აჟიოტაჟი ბაზარზე, ვიდრე რომელიმე ფუნდამენტალური ფაქტორი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ", - აღნიშნა გიორგი შაგიძემ.

მისივე განცხადებით, Renaissance Capital-ის გათვლებით, ლარი არ უნდა ყოფილიყო ამ ნიშნულზე ასული, ფუნდამენტური ფაქტორების გაუმჯობესებიდან გამომდინარე.