ტოკიოს ოლიმპიადის ბიუჯეტი 17 მილიარდ დოლარამდე იქნება

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა შეჯიბრის ბიუჯეტი მცირედით შეამცირა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ახალი ბიუჯეტით, ტოკიოს ოლიმპიადაზე 16,8 მილიარდი დოლარი დაიხარჯება.

საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ტოსირო მუტომ ჯერ კიდევ ნოემბერში განაცხადა, რომ ოლიმპიადის ბიუჯეტი 2 ტრილიონი იენი (17,8 მილიარდი დოლარი) იქნებოდა. კიდევ უფრო ადრე ოლიმპიადაზე 3 ტრილიონი იენის დახარჯვა იგეგმებოდა, თუმცა „საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა“ (სოკ-მა) ჩათვალა, რომ ასეთი მაღალი დანახარჯები მომავალი ოლიმპიადის პრეტენდენტ ქვეყნებს გარკვეულწილად დააფრთხობდა.

თუ ეს ბიუჯეტი ძალაში დარჩა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადა ყველაზე ძვირად ღირებული ზაფხულის ოლიმპიადის ლიდერი გახდება. აქამდე ყველაზე ძვირად ღირებული ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადა იყო 8,77 მილიარდი ფუნტით. ზამთრის ოლიმპიური თამაშებში კი ლიდერი სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაა, რომლის ბიუჯეტიც რეკორდული 31 მილიარდი ფუნტი იყო.

კოკა კვირკველია