არსებული ინფორმაციით, რუსული კომპანია "სისტემა" „აზოტის“ ქარხნის დაპატრონებას ცდილობს

არსებული ინფორმაციით, რუსული კომპანია "სისტემა" „აზოტის“ ქარხნის დაპატრონებას ცდილობს. როგორც რუსთავის აზოტის ქარხანაში აცხადებენ, რუსთავის აზოტის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტი შეჩერებულია და ამით, სავარაუდოდ, რუსული კომპანია "სისტემაა" დაინტერესებული. მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებისთვის 125 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს უნდა გამოეყო, 30 მილიონი დოლარის კი - ”საქართველოს ბანკს”.

”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას რუსთავის აზოტის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ბურდილაძე პროცესის შეჩერებას და რუსული კომპანია „სისტემა“-სთან მოლაპარაკებებს ადასტურებს, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს.

2016 წლის 20 ივლისს EBRD-ის რეგიონულმა ხელმძღვანელმა ბრუნო ბალვანერამ და რუსთავის აზოტის ქარხნის მფლობელმა რომან ფიფიამ ხელი მოაწერეს სასესხო შეთანხმებას, რომლის შედეგადაც რუსთავის აზოტის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტი უნდა დაწყებულიყო. პროექტის ფარგლებში რუსთავის აზოტის ქარხნის სრული მოდერნიზაცია და შავი ზღვის სანაპიროზე ამიაკის საექსპორტო გადატვირთვის ტერმინალის აშენება იგეგმებოდა. "ჩვენ გავაორმაგებთ ქარხნის წარმადობას, დღეს ჩვენ ვაწარმოებთ 0.5 მილიონ ტონა გვარჯილას, აქედან 450 ათასი ტონა გადის ექსპორტზე, 50 ათასი ტონა კი საქართველოში მოიხმარება. პროექტის შედეგად ჩვენი წარმადობა 1 მილიონი ტონა გახდება, ეს კი ავტომატურად ექსპორტს გაზრდის. ჩვენი ექსპორტი ხორციელდება მთელ ევროპაში, ლათინურ და ჩრდილოეთ ამერიკაში. შავი ზღვის ტერმინალსაც ვაშენებთ, რომელზეც $40 მილიონს დავხარჯავთ და ის ექსპორტს გაგვიმარტივებს", - განაცხადა ხელშეკრულების გაფორმებისას ”რუსთავის აზოტის” მფლობელმა რომან ფიფიამ.