ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით განახლებული მატარებელი ივლის

ბორჯომ-ბაკურიანის განახლებული მატარებელი ე.წ. „კუკუშკა“ მგზავრებს 25 დეკემბრიდან მოემსახურება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, მატარებელს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. სამუშაოები კი თბილისის ვაგონშემკეთებელმა ქარხანამ განახორციელა.

„რკინიგზა მუშაობს, რომ ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას კულტურული მემკიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. ამის გამო, მაქსიმალურად ვეცადეთ მატარებლისთვის პირვანდელი სახე შეგვენარჩუნებინა. სამუშაოების შედეგად, მატარებლის ოთხივე ვაგონი გარემონტდა,“ - აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.

მისივე ცნობით, თითო ვაგონი 23 მგზავრზეა გათვლილი.

ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი საქართველოს რკინიგზის ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი მონაკვეთია, რომელიც ბორჯომსა და ბაკურიანს შორის, ბორჯომ-ხარაგაულის უბანზე 1902 წელს გაიხსნა. ხაზზე დიდი ხნის მანძილზე მცირე ორთქლმავალი მოძრაობდა, რომელიც 1967 წლიდან ელექტრომატარებელმა შეცვალა. თუმცა, მეტსახელი „კუკუშკა“ (ორთქლმავლის რუსული მეტსახელი) ამ ელექტროშემადგენლობასაც შემორჩა.