თბილისში საშობაო ფესტივალი "ბულბული მარკეტი" გაიმართა

კულტურის ცენტრ "მუზაში" საშობაო ფესტივალი "ბულბული მარკეტი" გაიმართა.

ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილი 75 კომპანია იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ქართველი მეღვინეები, ფერმერები, მზარეულები და ხელოვანები. ფესტივალზე, რომელსაც საშობაო ბაზრობის სახე ჰქონდა, წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული და ევროპული სამზარეულო, ღვინო, სხვადასხვა სახის ჩაი, ტკბილეული, რძის ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები. ფესტივალზე მისულ საზოგადოებას წარმოდგენელი პროდუქტების როგორც დაგემოვნება ასევე შეძენა შეეძლოთ. ღონისძიებაზე შეკრებილებისათვის მომზადებული იყო სხვადასახვა აქტივობა, მათ შორის საშობაო ლატარეა, ცეკვა, მუსიკა და გასართობი პროგრამა ბავშვებისათვის.

ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის ელენე ბუხაიძის თქმით, ღონისძიების მიზანი მეწარმე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება და მათთვის ფართო არეალისკენ მიმავალი გზის გახსნაა.

”ჩვენ ხელს ვუწყობთ მათ პოპულარიზაცასა და რეალიზაციას. ფესტივალზე წარმოდგენილი არიან, როგორც კაფეები და რესტორნები, ასევე ისეთი ბიო პროდუქტების მწარმოებლები, როგორიცაა ყველი და თაფლი. ფესტივალზე გაყიდული პროდუქტისგან შემოსული თანხა თავად მეწარმეებს რჩებათ. ეს ღონისძიება მეორედ იმართება და ვაპირებთ რომ შემდეგი ღონისძიებები გაზაფხულსა და შემოდგომაზე გაიმართოს“, - ამბობს ღვინის ტურიზმის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ელენე ბუხაიძე.

კოოპერატივს ”თუშეთი 2015” ფესტივალზე თუშური პროდუქტი ჰქონდა წარმოდგენელი, მათ შორის გუდის ყველი, რძის ნაწარმი, თაფლი, ფიჭის კევი, თუშური ჩაი, კარტოფილი და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი. ”თუშეთი 2015” არასამთავრობო ორგანიზაციის ”ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი” დახმარებით 2015 წელს შეიქმნა. როგორც კოოპერატივის წარმომადგენელმა მარინა ღუზარაულმა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, მსგავსი ფესტივალის გამართვა აუცილებელია.

”ჩვენი პროდუქცია თუშეთშია წარმოებული და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტია. ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობაა. განვითარებაში არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი” გვეხმარება. კოოპერატივ ”თუშეთი 2015”-ში 6 ადამიანი, ჩვენი ოჯახებით ვართ ჩართულნი, გვაქვს სასათბურე მეურნეობა, სადაც კარტოფილი და ბოსტნეული მოგვყვას. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც თუშეთში კიტრი მოიყვანა და ამ პროდუქტით სასტუმროებს ვამარაგებდით”, - ამბობს მარინა ღუზარაული.

მისი თქმით, კოოპერატივისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცნობადობის ამაღლება და ხალხმა უნდა იცოდეს რომ, ჯანსაღი პროდუქტების მიღება აუცილებელია.

"გვინდა ჩვენს პროდუქციას ბევრი მომხმარებელი ჰყავდეს და ეს ფესტივალიც ამის კარგი საშუალებაა. უკეთესი იქნება თუ ასეთი ღონისძიებები ხშირად ჩატარდება.კარგი იქნება, რომ პროდუქტის მიწოდების სხვადასხვა საშუალებები გვქონდეს. თუშეთში ეს საქმიანობები ნელ-ნელა იკარგება, ფესტივალები კიპოპულარიზაციის კარგი საშუალებაა, რათა ხალხი ძველ საქმიანობას კვლავ დაუბრუნდეს", - აღნიშნა მარინა ღუზარაულმა.

ფესტივალი ”ბულბული მარკეტის” ღონისძიების ორგანიზატორი „ღვინის ტურიზმის ასოციაცია“ იყო.

თათია ახვლედიანი