სურსათის ეროვნული სააგენტო - რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან ცოცხალი ცხოველების ექსპორტი არ ხორციელდება

საქართველოში ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ 200 ათასამდე პირუტყვი უკვე ვაქცინირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს განცხადებით, უწყებამ საქართველოში ნოდულარული დერმატიტის გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ განახორციელა დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებები.

”მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე ვაქცინირებულია 200 ათასამდე პირუტყვი. მთლიანად 360 ათასი სული პირუტყვის აცრაა დაგეგმილი. სურსათის ეროვნული სააგენტო პრევენციულ ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს და აცხადებს, რომ პირუტყვის აღნიშნული დაავადება ადამიანისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. გასულ წელს მეზობელ ქვეყნებში გავრცელებული დაავადების გამო სააგენტომ მიიღო შესაბამისი ზომები და მსხვილფეხა პირუტყვი აიცრა სასაზღვრო პერიმეტრზე, რითაც აღიკვეთა ნოდულარული დერმატიტის საქართველოში გავრცელება. პროფილაქტიკური და სავალდებულო აცრები დაავადების საწინააღმდეგოდ გრძელდება”, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსულ მედიაში გავრცელებილი ინფორმაციით კი, საქართველოს ტერიტორიაზე მსხვილფეხა საქონელში ნოდულარული დერმატიტის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციაში საქართველოდან დაავადებისადმი მგრძნობიარე საქონლის შეტანაზე შეზღუდვები დაწესდა.

ამასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან ცოცხალი ცხოველების ექსპორტი არ ხორციელდება.