სამშენებლო კომპანია "აქსისს" დაზარალებული მობინადრეები თაღლითობაში სდებენ ბრალს.თბილისში, საირმის ქუჩაზე ობიექტის მშენებლობა არც კი დაწყებულა, როცა კომპანიას, როგორც დაზარალებულები ამბობენ, ასეულ ათასობით დოლარი გადაუხადეს. თანხა კლიენტებმა, ფაქტობრივად, ჰაერში გადაიხადეს ისე, რომ დაგეგმილი მშენებლობის საძირკველიც არ გაჭრილა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ხელშეკრულება მომხმარებლების ნაწილმა "აქსისთან", ნაწილმა კი "აქსის დეველოპმენტთან" 2007-08 წლებში გააფორმა. მშენებლობა 2012 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დღემდე არც დაწყებულა.
ფაქტობრივად, არ დარჩა არც ერთი ინსტანცია, სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურა, რომლისთვისაც დაზარალებულ მობინადრეებს არ მიუმართავთ. მართალია, თითქმის ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის ნიშნები იკვეთება და საქმის შესწავლის მოთხოვნით შესაბამის სტრუქტურებს მიმართეს კიდეც, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, ელემენტარულად, საქმისთვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭებაც ვერ მოხერხდა. დაზარალებულები აცხადებენ, რომ "აქსისს" როგორც წინა, ასევე ახალ მთავრობაშიც მფარველი ჰყავს, რის გამოც საქმის განხილვა ჭიანურდება.
მოქალაქე ირაკლი დეკანოზიშვილი "აქსის" 100 000 დოლარის, ხოლო დავით ლომსაძე 77 000 დოლარის მითვისებაში ადანაშაულებს. კიდევ ერთი მობინადრე მერაბ ჩიჩუა ამბობს, ორმ კომპანიას 65 000 ევრო გადაუხადა და დღემდე არ აქვს დამაჯერებელი პასუხი, თუ სად წავიდა მის მიერ გადახდილი თანხა.
ირაკლი დეკანოზიშვილი ვარაუდობს, რომ "აქსისის" ხელმძღვანელობასა და პროუკრატურის მაღალჩინოსნებს შორის მოხდა გარიგება, რამაც დაზარალებული მობინადრეების მიერ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაფერხა.
სამართლიანობა, ერთი შეხედვით, მხოლოდ ფარატინა ფურცელზე აღდგა, რეალურად კი ამის მიღწევა, არსებული ხელისუფლების პირობებშიც ჭირს. 2017 წელს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, ირაკლი დეკანოზიშვილს ბინა 2010 წელს უნდა ჩაბარებოდა. ამ ხნის განმავლობაში პროექტი არათუ დასრულდა, საერთოდაც არ დაწყებულა. სხვადასხვა სახელწოდებას ამოფარებით "აქსისის" მესვეურებს საქმიანობის გაგრძელება არ გასჭირვებიათ და დღემდე ერთ-ერთი წარმატებული სამშენებლო კომპანიის სტატუსით სარგებლობენ.
"ჩვენ ხელშეკურლება გავაფორმეთ შპს "აქსის დეველოპმენტთან", ხოლო ის მიწა რომელზეც უნდა აშენებულიყო სახლი, გახლავთ შპს "აქსისის" საკუთრება. იმის მიუხედავად, რომ ხელში გვიჭირავს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა ჩვენ მიერ გადახდილი თანხის - 100 000 აშშ დოლარის - ჩვენ სასარგებლოდ გადახდა, რეალურად ეს ვალდებულება არ სრულდება. `აქსისი დეველოპმენტი~, რომელსაც ჩვენთვის ბინის ჩაბარების უშუალო ვალდებულება აკისრია, ფაქტობრივად, არ ფლობს არანაირ ქონებას.
"აქსისის" სახელზე კი დარეგისტრირებულია 10-მდე სხვადასხვა კომპანია შპს "აქსისი", შპს "აქსის დეველოპერი", შპს "აქსის პლუსი" და სხვა. შეუსრულებელი ვალდებულებების მიუხედავად, საქმიანობენ ისე, რომ მომავალ კომპანიებს მათ სახელზე არ გააჩნიათ არც ერთი საკუთრების ობიექტი. საბოლოოდ კი სააღსრულებლო ფურცელი აღუსრულებელი, ჩვენი უფლებები კი დაუცველი რჩება", - ამბობს დეკანოზიშვილი.
როგორც მან "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, 2015 წელს შეიტანა სარჩელი სამოქალაქო სასამართლოში, რომელიც მომდევნო წელს მოიგო კიდეც, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ფარატინა ფურცელი გაღმოჩნდა. დაზარალებული ეჭვობს, რომ კომპანიის მესვეურებს მთავრობაში ჰყავთ ლობი, რომლის მფარველობითაც ისინი საქმიანობას შეუფერხებლად განაგრძობენ და დაკისრებულ ვალდებულებებს გაურბიან.
2007 წლის 12 ივლისს "აქსის დეველოპმენტთან" ხელშეკრულება გააფორმა დავით ლომსაძემ, რომელსაც ბინა საირმის 51-ში 2010 წლის აპრილში უნდა მიეღო. აღნიშნული ბინის შესაძენად ლომსაძესა და შპს "აქსის პლუსს" შორის გაფორმდა სეხსის ხელშეკრულება, რომლის პირობის თანახმად, კრედიტის დაფარვა ხდებოდა "აქსის დეველოპმენტის" მიმართ არსებული ვალდებულების შესასრულებლად. ლომსაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ვალდებულება მისი მხრიდან პირნათლად შესრულდა.
"დიდი ხანი გავიდა და "აქსის დეველოპმენტის" მხრიდან წლების განმავლობაში მშენებლობის წამოწყების მცდელობაც არ ყოფილა. ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ საგამოძიებო ორგანოებს და პრკურატურას, თუმცა სამართალდამცავი ორგანოები შემოიფარგლნენ მხოლოდ ფორმალური ვალდებულებებით. ჩვენ გამოკითხვის ოქმში დეტალურად აღვწერეთ დანაშაულებრივი სქემა და კონკრეტული პირების საქმიანობის შესახებ გამომძიებელს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. მიუხედავად ამისა, ფინანსურმა პოლიციამ, ისე რომ გამოძიება არ დაუწყია, აღნიშნული განცხადებები გადააგზავნა ძველი თბილსის პოლიციის განყოფილებაში, სადაც არანაირი რეაგირება არ მომხდარა და დღემდე არ დაწყებულა გამოძიება", - აცხადებს დავით ლომსაძე.
ხელშეკრულება "აქსისთან" მერაბ ჩიჩუამ 2008 წელს გააფორმა. საცხოვრებელი ბინა საირმის ქუჩაზე მას 2011 წლის აგვისტოში უნდა მიეღო. ბინის შესაძენად ჩიჩუასა და "აქსისი პლუსს" შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თანხის დაფარვა მობინადრის მხრიდან "აქსის დეველოპმენტის" მიმართ არსებული ვალდებულების შესასრულებლად ხდებოდა. მერაბ ჩიჩუა ამბობს, რომ 50 000 ევრო - "აქსისს", ხოლო 25 242 ევრო "აქსისი პლუსს" გადაუხადა. განახლებული შეთანხმება კომპანიამ ჩიჩუასთან 2014 წლის ივლისში დადო, რის შესაბამისადაც "აქსისმა" ხელშეკრულების შესრულების ვადა 2016 წლის აპრილამდე გადასწია.
"ნაკისრი ვალდებულება არც განახლებულ ვადაში შესრულდა. დღეისთვის უკვე ამოწურულია ახლადნაკისრი პირობის შესრულების ვადა და კომპანიას არანაირი სამუშაო არ განუხორციელებია", - ამბობს ჩიჩუა.
როგორც აღმოჩნდა, ასეთი ტიპის განახლებული ხელშეკრულების დადების მცდელობა კომპანიებს ირაკლი დეკანოზიშვილის და დავით ლომსაძის შემთხვევაშიც ჰქონდათ. ისინი ამბობენ, რომ არ დათანხმდნენ ახალ პირობებს, რადგან კომპანიის მხრიდან ეს ძველი ხელშეკრულებების გადაფარვის ახალი თაღლითური გზა იყო.
დაზარალებულები მიიჩნევენ, რომ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რამდენადაც მათ მიერ გადახდილი თანხა აღნიშნულ მისამართზე კორპუსის აშენებას არ მოხმარდა. ფული მიითვისეს და სხვა ვალდებულებები სხვა კომპანიების დაფუძნების საშუალებით შეასრულეს.
"აქსისის" გაყიდვების სამსახურის დირექტორი ოთარ დიხამინჯია ირწმუნება, რომ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას კომპანია 2017 წლის თებერვალში შეუდგება და უკვე 2018 წლის შემოდგომაზე მობინადრეებს კუთვნილი თანხის ან ალტერნატიული ფართის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
"ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს მოქალაქეები საცხოვრებელი ფართით დავაკმაყოფილოთ. საირმის მეორე ბლოკი ერთადერთი ობიექტია, სადაც გაჩერებული მშენებლობა ვერ გავაგრძელეთ. სამშენებლო სამუშაოებს მომავალი წლის თებერვალში დავიწყებთ და 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება. აღნიშნული ობიექტის გარდა, ყველა გაჩერებულ ობიექტზე მშენებლობა განახლდა.
თუ ვინმეს შემოტანილ თანხასთან დაკავშირებით აქვს ეჭვი, შემიძლია გულწრფელად განვაცხადო, რომ ეს ფული მთლიანად პროექტს მოხმარდა. ნაკისრ ვალდებულებას ჩვენი მომხმარებლების წინაშე პირნათლად შევასრულებთ. ვაღიარებთ, რომ ზოგი ვალდებულება შესრულდა გვიან, ზოგიც ადრე, მაგრამ ნებისმიერი ჩვენი კლიენტი, ვინც თავის დროზე გვენდო, კუთვნილ ფართს აუცილებლად მიიღებს. თავდაპირველად მათი რაოდენობა 1500 იყო, სხვადასხვა დროს ეტაპობრივად შევძელით მათი დაკმაყოფილება კომპენსაციით, ზოგიც - ფართით.
350-ზე ნაკლები ოჯახია, ვის მიმართაც კომპანიას დღესდღეობით ვალდებულება გააჩნია. პირობას ვდებთ, რომ ისინი შეძლებენ თანხის ან საცხოვრებელი ფართის მიღებას, როგორც კი მშენებლობას დავიწყებთ", - აცხადებს ოთარ დიხამინჯია.
დაზარალებულები ამბობენ, რომ 2017 წლიდან სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მოაწყობენ, რაშიც მათ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვთ.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"