საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25 წლის შემდეგ კავშირის ტერიტორიებზე წარმოქმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში გაჩნდა ბიზნეს ელიტა, რომელმაც დიდი ოდენობის ფული შოვნა მოახერხა.
ბელორუსულმა გამოცემა zautra.by-მ იმ მილიარდერების რეიტინგი გამოაქვეყნა, ვინც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაა და დიდი ფული სწორედ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იშოვა. რეიტინგში მოხვდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილიც.
ლეონიდ მიხელსონი
რუსეთის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენი ლეონიდ მიხელსონი ჟურნალ „ფორბსის“ ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მესამოცე ადგილზეა. მისი ქონება 14.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ოფიციალურად ითვლება, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში 61 წლის ლეონიდ მიხელსონზე მეტი ფული არავის აქვს. ბიზნესმენის კაპიტალის ძირითადი ნაწილი გაზისა და ქიმიური აქტივებისგანაა შემდგარი. მიხელსონი რუსული გაზის კომპანიის ”ნოვატეკის” აქციონერია. მას ეკუთვნის კომპანია ”სიბური”, ყველაზე მსხვილი ქიმიური ჰოლდინგი რუსეთში.
ბიძინა ივანიშვილი
„ფორბსის“ ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 298-ე პოზიციაზეა და მისი ქონება 4.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. როგორც ბელორუსული გამოცემა წერს, ქონება ივანიშვილმა რუსეთში დააგროვა, სადაც ბანკები - ”რუსული კრედიტი” და ”იმპექსბანკი” შექმნა, ფლობდა მეტალურგიულ ჰოლდინგს ”მეტალოინვესტი”, აგროჯგუფს ”სტოილენსკაია ნივა”, სააფთიაქო ქსელ ”დოქტორ სტოლეტოვს”, სასტუმროებს ”მინსკი” და ”ჩენტრალნაია”. 2004 წელს ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა და რუსული აქტივები გაყიდა. 2011 წელს უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე.
ბულატ უტემურატოვი
ყაზახეთის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენი, 58 წლის ბულატ უტემურატოვის ქონება 2.3 მილიარდი დოლარია. რამდენიმე ბანკის გარდა, მას ეკუთვნის ყაზახეთის ორი ტელესაკომუნიკაციო ოპერატორის წილი და უძრავი ქონება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის სასტუმრო ”რიც კარლტონი” მოსკოვში.
რინატ ახმეტოვი
2014 წელს უკრაინაში, დონეცკის ოლქიშ მომხდარ საომარ შეტაკებამდე, რინატ ახმეტოვი პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მდიდარ ბიზნესმენად ითვლებოდა. ის სათავეში უდგას კომპანია SCM-ს, რომელიც მრავალ ქვეყანაში მუშაობს. უკრაინელი მილიარდერის მთავარი აქტივები მეტალურგიული ჰოლდინგი ”მეტინვესტი” და ენერგეტიკული კომპანია ”დტეკი” არის.
ნერიუს ნუმავიჩუსი
ნუმავიჩუსი კომპანიებს VPG გრუპი და მაქსიმის ქსელს ფლობს. 2015 წელს ლიტველი ბიზნესმენის ქონება ერთი მილიარდი დოლარი გახლდათ. 2016 წელს ნუმავიჩუსი „ფორბსის“ რეიტინგში ნერიუსი ვერ მოხვდა, თუმცა ლიტვაში ის ყველაზე მდიდარი ადამიანია და როგორც ადგილობრივი გამოცემა ”ვეიდასი” იუწყება, 1.2 მილიარდი ევროს ქონებას ფლობს.
ბელორუსული გამოცემის ათეულში ასევე მოხვდნენ ბელორუსი ვიქტორ კისლი, ლატვიელი ოლეგ ფილია, ესტონელი კრისტო კიაერმანი, მოლდოველი ანატოლ სტატი და ყირგიზი ასკარ სალიმბეკოვი.