შპს „თბილსერვისჯგუფის“ დაბალი რგოლის 4 580-ზე მეტ თანამშრომელს მე-13 ხელფასი 29 დეკემბერს ჩაერიცხება

შპს „თბილსერვისჯგუფის“ დაბალი რგოლის 4 580-ზე მეტ თანამშრომელს მე-13 ხელფასი 29 დეკემბერს ჩაერიცხება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შპს „თბილსერვისჯგუფის“ დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით დოლიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მე-13 ხელფასის სახით, ხელფასის ოდენობის 100%-ს, დასუფთავების სამსახურის დაბალი რგოლის თანამშრომლები მიიღებენ. კერძოდ, მეეზოვეები, სპეცმუშკები, საამქროში მომუშავე მექანიკოსები, მძღოლები და მათი დამხმარე მუშები და ტრანსპორტის მუშაკები.

„ამ პირების მინიმალური ხელფასი 400 ლარია და მაქსიმალური - 1200 ლარი, რასაც ხელზე იღებენ. დეკემბრის თვის ხელფასი აღნიშნულ პირებს უკვე დაერიცხათ. მე-13 ხელფასი კი, მათ 29 დეკემბერს ჩაერიცხებათ. სულ ამ მიზნით 3 მილიონ 400 ათასი ლარია გათვალისწინებული“, - განაცხადა დავით დოლიძემ.

თბილის მერიის სტრუქტურების დაბალანაზღაურებადი თანამშრომლები მე-13 პრემიას თბილისის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით მიიღებენ.