ფინანსთა მინისტრის მოადგილე - უძრავი ქონება ეს არის ლარის აქტივი, ამიტომ ლარში ფასის დადება უფრო სტაბილურ გარემოს ქმნის

უძრავი ქონება ეს არის ლარის აქტივი, ამიტომ ლარში ფასის დადება უფრო სტაბილურ გარემოს ქმნის და უფრო სწორია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების ფასის ლარში გამოქვეყნება იქნება სავალდებულო.

„უფრო ფართოდ, რომ ვთქვათ, ეს არის ლარიზაციის პროექტის ერთ-ერთი ნაწილი. ვთვლით, რომ უძრავი ქონება ეს არის ლარის აქტივი, ეს არის ქვეყანაში არსებული აქტივი, ამიტომ ლარში ფასის დადება უფრო სტაბილურ გარემოს ქმნის და უფრო სწორია. ეს არის საქართველოს შემთხვევაში განსახვავებული ინიციატივა. ეს პრაქტიკულად, ქვეყანაში ასე ხდება და დოლარის კურსის გამყარება ან გაუფასურება ლართან მიმართებაში არ უნდა ახდენდეს ბაზარზე მნიშვნელოვან ცვლილებებს“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების ფასის ლარში გამოქვეყნება 2017 წლის 1-ელი ივლისიდან იქნება სავალდებულო.

კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა. შესაბამისი ცვლილება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის, ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. აღნიშნულისგან განსხვავებული წესი შეიძლება დადგინდეს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

ამასთან, ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. მას ემატება სამართალდარღვევა - ფასის ლარში გამოხატვის წესის დარღვევა და დგინდება შესაბამისი სანქციაც. კერძოდ, ფასის ლარში გამოხატვის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების განამეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 5 000 ლარის ოდენობით.