ილია წულაია - სამშენებლო და საბანკო სექტორები ლარიზაციას მიესალმებიან

ლარიზაციას მიესალმება ყველა მშენებელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ილია წულაიამ იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ, დედოლარაზაციის გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ, ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ავტორობით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი წარადგინა.

„მინდა კოლეგებს ოპოზიციიდან ერთი ინფორმაცია ვუთხრა, რომელიც ჩემთვის ცნობილია. მე ბიზნესგამოცდილება მაქვს და პარლამენტში მოხვედრამდე, ბიზესში ვსაქმიანობდი, ამიტომ ამ კანონპროექტების განხილვის დროს არაერთ კოლეგასთან მქონდა შეხება, პირველ რიგში, სამშენებლო ბიზნესთან - გუშინაც გვქონდა შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში. ლარიზაციას მიესალმება ყველა მშენებელი, უბრალოდ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ბანკები წამოვიდნენ გრძელვადიან კლიენტებთან ურთიერთობაში და მე მქონდა შეხვედრა ბანკების ხელმძღვანელებთან, საერთო შეხვედრაც იყო და ეროვნული ბანკიც იყო შეხვედრაზე. ისინიც მიესალმებიან ამ პროცესს, რადგან ეროვნული ბანკი მაქსიმალურად უწყობს ხელს და ამ კუთხით ხიფათი იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა, ან საბაზრო ბრუნვა შეაფერხოს, არ არსებობს. მინდა დაგიდასტუროთ, რომ სამშენებლო ბიზნესის პოზიცია ზუსტად ვიცი. ასევე ვიცი ბანკების პოზიცია და ორივე ეს სფერო მიესალმება. ასევე მიკროსაფინანსოების პოზიციაც ვიცი, რომ დადებითად ხვდებიან ამ ცვლილებებს“, - განაცხადა ილია წულაიამ.