აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ბიუჯეტი მიღებულია, აჭარის რეგიონის განვითარებისთვის მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ

ბიუჯეტი მიღებულია და ჩვენ აჭარის რეგიონის განვითარებისთვის მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ,- ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ განაცხადა. მისი თქმით, მომავალ წელს რეგიონში მეტი კაპიტალური და სოციალური პრობლემები მოგვარდება. ბოლქვაძის ინფორმაციით, აჭარის ბიუჯეტი 121 მილიონ 733 ათასი ლარით იზრდება.

„მუნიციპალური ბიუჯეტის კაპიტალური ტრანსფერები იზრდება და დაახლოებით 71 მილიონ ლარს შეადგენს, ეს იმას ნიშნავს, რომ აჭარაში უფრო მეტი კაპიტალური პროექტები ხორციელდება. ეს ყველაფერი ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებაზე აისახება. ნაშთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ ეს არის ბიუჯეტში შემოსულების ერთ-ერთი წყარო , რომელიც არის სტაბილური და მყარი შემოსავალი. ეს ის თანხებია, რომელიც მიმართულია სხვა ხარჯების დასაფინასებლად. რესპუბლიკურ ბიუჯეტში მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის პროექტების ფონდი შეიქმნა, რომელიც მოხმარდება დამატებით კაპიტალის ტრანსფერის სახით მუნიციპალიტეტებს. მთავრობის თავმჯდომარე განკარგავს მხოლოდ 100 ათას ლარზე ნაკლები ღირებულების პროექტს და მთლიანად ფონდი მთავრობის განკარგვის ქვეშ იქნება“,- განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.