რესტორნები ადგილობრივი კლიენტების შემცირებას უჩივიან

თბილისური რესტორნები უცხოელი სტუმრების იმედად არიან.როგორც მენეჯერები ამბობენ, ადგილობრივი მომხმარებლების მხრიდან პასიურობა შეინიშნება, რასაც ისინი ფინანსურ კრიზისს უკავშირებენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, რესტორნის მეპატრონეები ამბობენ, რომ 2016 წელი მათთვის არასახარბიელო იყო და ამ დანაკლისის შევსებას ისინი სადღესასწაულო დღეებში ვარაუდობენ.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქართველები რესტორნებს აღარ წყალობენ, ლარის მკვეთრი ვარდნა და შემოსავლების შემცირებაა. ამას ადასტურებენ რესტორნების მენეჯერები და არსებულ ვითარებას ნეგატიურად აფასებენ. მომხმარებლები, თავის მხრივ, წინასაახალწლოდ სასურველ გარემოში დროის გასატარებლად, გარკვეული თანხის მობილიზებას ცდილობენ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში უშედეგოდ. მხოლოდ ზოგიერთ მათგანს აქვს დაგეგმილი, თუ რომელ დაწესებულებაში შეხვდება ახალ წელს.

რესტორან "აფხაზურას" მენეჯერმა "რეზონანსს" განუცხადა, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, მათი დაწესებულება საახალწლოდ სტუმრების ნაკლებობას არ უჩივის. გარდა ქართველი მომხმარებლებისა, წინასაახალწლო შეკვეთა უკვე უცხოელ სტუმრებსაც აქვთ გაკეთებული. ფასი მისაღებია და ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელს შეუძლია მათთან სტუმრობა.

"ორი დარბაზი გვაქვს, განსხვავებული მომსახურებით. სტუმრებს არჩევანის საშუალება აქვთ და თავად გადაწყვეტენ, რომელ დარბაზში უნდათ მაგიდის დაჯავშნა. ფასი საშუალოა - ერთი ადგილის ღირებულება 80-100 ლარია.

ვალუტის გაუფასურების გამო მთელი წლის განმავლობაში სტუმრების სიმცირე შეინიშნებოდა. არც ახალი წლის დღეებში ვართ მთლიანად ქართველ მომხმარებლებზე დამოკიდებულნი, რადგან ჩვენს სიაში ძალიან ბევრი უცხოელია, განსაკუთრებით, ერევნიდან.

მიუხედავად არასახარბიელო მდგომარეობისა, რომელიც თითქმის ყველას შეგვეხო, ყველა ცდილობს ახალ წელს მაქსიმალურად კარგ გარემოში შეხვდნენ და ამისთვის რამდენიმე თვით ადრე დაზოგვას იწყებენ. ჩვენ გვესმის დღევანდელი რეალობა. სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი გვყავს მოწვეული, ფასიც ხელმისაწვდომია", - განუცხადა "რეზონანსს" რესტორნის წარმომადგენელმა.

"რეზონანსთან" საუბრისას "ბარაკონის" მერეჯერმა ლიკა ჯორბენაძემ სტუმრების აქტიურობის მხრივ, შარშანდელი წელი წლევანდელს შეადარა და აღნიშნა, რომ წელს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა თითქმის ყველა სოციალურ ფენას შეეხო. მან ის კატეგორიაც გამოყო, რომლებიც, მიუხედავად ფინანსური სიდუხჭირისა, მაინც ახერხებენ საახალწლოდ სადღესასწაულო გარემოს შექმნას.

"ყოველდღიური მენიუსგან განსხვავებული ღირებულებისაა საახალწლო მენიუ. ჩვენთან ერთი ბილეთის ფასი 150 ლარია. ჯერ ყველა ადგილი შევსებული არ არის, თუმცა 31 დეკემბრამდე ველოდებით მსურველებს.

მინდა ხაზი გავუსვა, თუ რა სიტუაცია იყო შარშან ამ დროს და რა ვითარებაა ახლა. 1 წლის წინ ყველა ადგილი დაჯავშნილი გვქონდა და ვინც გვირეკავდა, სამწუხაროდ, ადგილების უქონლობის გამო, უარით ვისტუმრებდით. ხალხის მხრიდან წლევანდელი პასიურობის ერთ-ერთი მიზეზი, რასაკვირველია, ლარის დევალვაციაა.

არსებობს ის კატეგორია, რომლისთვისაც გართობა და მეგობრების წრეში სასიამოვნოდ დროის გატარება პრიორიტეტულია. მიუხედავად არამყარი ფინანსური მდგომარეობისა, მოსახლეობის ეს ნაწილი თანხის გადანახვას წინასწარ ახერხებს", - განუცხადა "რეზონანსს" "ბარაკონის" მენეჯერმა ლიკა ჯორბენაძემ.

მის მოსაზრებას ეთანხმება რესტორან "ჭაშნაგირის" მენეჯერი გიორგი ყიფიანი და ამბობს, რომ ქართველი სტუმრების გარდა, თბილისის რესტორნების უმრავლესობა უცხოელ ტურისტებს მასპინძლობს. მან საახალწლო მენიუს ფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათთან შარშანდელის მსგავსად, წელსაც ბევრ სტუმარს ელოდებიან.

"მიუხედავად იმისა, რომ 31 დეკემბერს ჩვენთან მოსულ სტუმრებს 200-ლარიან მენიუს ვთავაზობთ, რაც ქართული რეალობიდან გამომდინარე, ბევრისთვის მიუწვდომელი თანხაა, ჩვენ სტუმრების ნაკლებობას არ ვუჩივით. ყველამ კარგად ვიცით სოციალური ფონი, სადაც ყველა ვიმყოფებით, მაგრამ ახალი წელი განსხვავებული დღესასწაულია. ამ დროს ყველა ცდილობს თანხის მობილიზებას და სასურველ გარემოში დროის გატარებას. არც წლევანდელი დეკემბერია ამ მხრივ გამონაკლისი და იმავე ოდენობით სტუმარს ველოდებით, როგორც წინა წლებში. მათ დაემატებიან სხვადასხვა ქვეყნებიან ჩამოსული უცხოელები. სხვათა შორის, ბევრმა უკვე შეიძინა საახალწლო ბილეთი. პროგრამითაც კმაყოფილნი არიან, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განუცხადა "რეზონანსს" ყიფიანმა.

თბილისელი ქეთი ლომაია ახალი წლის დადგომას მგეობრების გარემოცვაში, ერთ-ერთ რესტორანში შეხვდება. მისი თქმით, ყოველდღიურობა იმდენ დროსა და ენერგიას მოითხოვს, რომ მსგავსი განტვირთვა ნებისმიერ ფასად აუცილებელია.

"მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური მდგომარეობა არც ისე სახარბიელო მაქვს, თვიდან თვემდე ვახერხებდი თანხის დაზოგვას, რათა ახალ წელს მეგობრებთან საღამოს გატარებისა და გართობის შესაძლებლობა მქონოდა. სამსახური იმდენ დროსა და ენერგიას მართმევს, რომ მეგობრებისა და ახლობლებისთვის დრო თითქმის აღარ მრჩება. ერთადერთი შესაძლებლობა ამ მხრივ საახალწლო პერიოდია, როდესაც ყველა ცდილობს, დიდი ხნის უნახავი ძვირფასი ადამიანები ნახონ და მათთან ერთად გაერთონ. ყოველდღიური მენიუსგან განსხვავებით ახალ წელს შედარებით ძვირია რესტორნების მომსახურება, თუმცა პროგრამაც განსხვავებული და სადღესასწაულო აქვთ", - აღნიშნა `რეზონანსთან~ საუბრისას ქეთი ლომაიამ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"