ხორბლის მოვლა-მოყვანის და სერტიფიცირების საკითხებზე დედოფლისწყაროში ფერმერებისთვის ტრეინინგი ჩატარდა

ხორბლის მოვლა-მოყვანის და სერტიფიცირების საკითხებზე დედოფლისწყაროში ფერმერებისთვის ტრეინინგი ჩატარდა.როგორც  სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, ტრეინინგი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანმა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა დედოფლისწყაროში ფერმერებისთვის და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის რეგიონალური სამმართველოს და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩაატარეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის თემა - მარცვლეული კულტურების, ძირითადად ხორბლის კულტურის მოვლა-მოყვანა-შენახვის და ნიადაგის დამუშავების ტექნოლოგიები იყო. ვინაიდან მომავალ წელს ხორბლის კულტურაზე სავალდებულო სერტიფიცირების სისტემა შემოდის, მეწარმეებს სერტიფიცირების სისტემის მნიშვნელობა გააცნეს, ასევე ისაუბრეს გასატარებელ ღონისძიებებზე, რათა ფერმერებმა წინასწარი რეგისტრაცია და განაცხადების შეტანა მოახდინონ.

ტრეინინგს საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ფერმერები დაესწრნენ, რომლებიც ხორბლის მოყვანით არიან დაკავებული. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა საკუთარი პრეზენტაციები წარმოადგინეს და დაწვრილებით ისაუბრეს ხორბლის სერტიფიცირების პროექტზე, საერთაშორისო სტანდარტებზე და ფალსიფიცირებული თესლისგან თავის აცილების მექანიზმებზე.

„ვიმსჯელეთ თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთელი ეს აგროტექნოლოგიური ციკლი, დაწყებული ანალიზით, მოხვნით, სასუქების შეტანით, მცენარეთა დაცვის და მღრღნელებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარებით, მოსავლის აღებით დასრულებული, ყველა ეს ტექნოლოგიური პროცესები და ახალი ტექნოლოგიები, ფერმერებისთვის იყოს უფრო ხელმისაწვდომი, ჰქონდეთ მეტი ცოდნა ამასთან დაკავშირებით. ჩვენც გავიგეთ მათი პრობლემები, ორგანიზაციული კუთხით რამდენიმე მოსაზრება გამოითქვა, ჩვენ ამ საკითხებზე კიდევ შევიკრიბებით და უფრო კონკრეტულად გავერკვევით“,- აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ რევაზ ასათიანმა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ინტერაქტიული იყო, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და სამეცნიერო კვლევითი-ცენტრის დირექტორის მოადგილემ ფერმერებს მისცეს რჩევები, დაურიგეს ცენტრის მიერ მომზადებული ბროშურები, რომლებიც ხორბლის მოყვანის ტექნოლოგიებს და ყველა იმ საკითხს შეეხება, რომელიც ფერმერებს აინტერესებთ.

შეხვედრის ფარგლებში კოოპერატივების შესაძლო შექმნის საკითხებიც განიხილეს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ფერმერებს საერთო პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა და კოოპერატივების შექმნის საკუთარი გეგმა შესთავაზა.