პროგრამის ”აგრარული ექსტენციის მიწოდება” ბიუჯეტი 215 961 ლარით განისაზღვრა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2017 წლისათვის ქვეპროგრამა „აგრარული ექსტენციის მიწოდება“ შეიმუშავა, რომლის ბიუჯეტი 215 961 ლარით განისაზღვრა , - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან. მათივე ცნობით აგრარული ექსტენციის პროგრამის უმთავრესი მიზანი და ამოცანაა სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი ფერმერებისა და აგრომეწარმეების საქმიანობის ეფექტურობისა და მდგრადობის ამაღლება.

”ექსტენციის ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია აჭარაში მოქმედი ფერმერული მეურნეობებისთვის და ინდივიდულური მწარმოებლებისთვის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული ექსტენციის სრული ციკლის მიწოდება დაწყებული ნიადაგის მომზადებით და დასრულებული მცენარეთა დაცვის ღონისძიებებით. მიმართულებების მიხედვით თითოეული მცენარეული კულტურის ექსტენცია 4-5 ფაზას (ნიადაგის მომზადება, თესვა, სხვლა, სასუქის შეტანა, მორწყვა და მცენარეთა დაცვა) მოიცავს. თითოული ფაზის ფარგლებში ფერემერებს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კურსი ჩაუტარდებათ. ექსტენციის პროგრამის ფარგლებში აგროტურების ორგანიზება და მონაწილე ფერმერების სხვადასხვა სახის ტექნიკური და აგროტექნოლოგიური ლიტერატურით უზრუნველყოფაა დაგეგმილია.” - აცხადებენ უწყებაში.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპულიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან აღნიშნულ ქვეპროგრამასთან დაკავშირებით დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგობრივი განყოფილების უფროსმა მამუკა თურმანიძემ ქვეპროგრამის განხორციელების დროით გეგმისა და შესასყიდი ექსტენციის მომსახურეობის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.