გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ სრულიად ახალ დატვირთვას ვაძლევთ ტრადიციულ კურორტებს

2017 წელს დასრულდება აგარა-ზემო ოსიაურის და ზესტაფონი-ქუთაისის, ასევე ქობულეთის შემოვლითი გზა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2016 წელი შეაჯამა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იწყება ახალი აეროპორტების მშენებლობა. უახლოეს დღეებში გაიხსნება ამბროლაურის აეროდრომი, რომლის მშენებლობაც 2016 წლის სექტემბერში დაიწყო.

„ჩვენ სრულიად ახალ დატვირთვას ვაძლევთ ტრადიციულ კურორტებს - ბაკურიანსა და გუდაურში არის ახალი საბაგიროები, ახალი ტრასები, წყალმომარაგების სისტემები, ატრაქციები, რომლებიც ამ კურორტებზე ქმნის უამრავ სამუშაო ადგილს და მათ გარშემო ძალიან დიდი რადიუსით იძლევა ადამიანების დასაქმების საშუალებას. ეს არის ახალი შემოსავლები ქვეყანაში და ქვეყნის პოპულარიზაცია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტურისტების მოზიდვისთვის, არამედ ქართული პროდუქტის უცხოურ ბაზრებზე გაყიდვისთვის. ასევე ვავითარებთ ახალ კურორტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის თეთნულდი, გოდერძი და კიდევ სხვა კურორტები. ამ პროექტებს კერძო სექტორთან ერთად ვახორციელებთ და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს სრულიად ახალი ტურისტული იმიჯის ჩამოყალიბებისთვის.

2017 წელს დასრულდება აგარა-ზემო ოსიაურის და ზესტაფონი-ქუთაისის, ასევე ქობულეთის შემოვლითი გზა. ასევე 2017 წელს დაიწყება სამუშაოები შემდეგ ძირითად მონაკვეთებზე: ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი, სამტრედია- გრიგოლეთი, ბათუმის შემოვილით გზა, ხულო-ზარზმა, ბაღდათი-აბასთუმანი, ზემო იმერეთი-რაჭა, თუშეთის და ხევსურეთის გზები და დევდორაკის გვირაბი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.