ISET - გასულ წელთან შედარებით, საახალწლო სუფრა წელს 5%-ით გაძვირდა

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET ქართული სუფრის ინდექსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2016 წლის დეკემბერში 5-6 ადამიანზე გათვლილი საახალწლო სუფრის საშუალო ღირებულება 149.5 ლარია, რაც 2015 წლის დეკემბრის მონაცემებს დაახლოებით 5% -ით აღემატება.

ISET-ის ინფორმაციით, საახალწლო სუფრის მომზადება, რომელშიც ძირითადი ტრადიციული კერძები შედის, ყველაზე ძვირი - 160.8 ლარი აჭარაში, ხოლო ყველაზე იაფი - 142.40 შიდა ქართლში ჯდება.

2015 წლის მსგავსად, წელსაც საახალწლო სუფრის ყველაზე ძვირი ინგრედიენტი ნიგოზია, რომლის ფასიც 1 კილოგრამზე 19-დან 25 ლარამდე მერყეობს.

ISET-ის საახალწლო სუფრის ინდექსი საქართველოს 9 რეგიონში (შიდა ქართლი; კახეთი; სამეგრელო-ზემო სვანეთი; გურია; იმერეთი; რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი; სამცხე-ჯავახეთი; მცხეთა-მთიანეთი; აჭარა) სტანდარტული საახალწლო სუფრის ხარჯებს ითვლის, რომელიც 5-6 სულიან ოჯახზეა გათვლილი. ინდექსში შესულია საახალწლო სუფრის ძირითადი კერძები: ხაჭაპური, მწვადი, კალმახი, საცივი, ოლივიე, შემწვარი ქათამი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი, ასევე გოზინაყი და ხილი.

bpn