პრემიერი - ბოლო დღეებში ლარი დაბრუნდა იმ ნიშნულზე, რომელიც მთლიანად შეესაბამება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან არსებულ სიტუაციას

ბოლო დღეების განმავლობაში ლარი დაბრუნდა იმ ნიშნულზე, რომელიც მთლიანდ შეესაბამება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან არსებულ სიტუაციას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუს დროს განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ლარის გაუფასურება არავისთვის არის კარგი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოქალაქეების სესხები არის აბსოლუტურად დოლარიზებული.

”65%-ზე მაღალია ქვეყანაში საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, როდესაც შემოსავლები გაქვს ეროვნულ ვალუტაში, ძალიან მძიმედ ურტყამს ჩვენს მოსახლეობას და ასევე ბიზნესს, რომელსაც ანალოგიურად სესხი აქვს დოლარში და შემოსავალი ლარში, ეროვნული ვალუტის გაუფასურება”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ოპონენტები ცდილობდნენ, რომ ლარის გაუფასურება დაეკავშირებინათ იმ ნაბიჯებთან, რომელიც მთავრობამ ე.წ. ლარიზაციის გეგმის სახით გამოაცხადა.

”ამ ორ მოვლენას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. გამოჩნდა კიდეც. ის აჟიოტაჟური კომპონენტი გაუფასურების ბოლო დღეების განმავლობაში მოიხსნა და ლარი დაბრუნდა იმ ნიშნულზე, რომელიც მთლიანად შეესაბამება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან არსებულ სიტუაციას.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ბრალიც დავდო იმ ადამიანებს, რომლებიც ხელოვნურად ქმნიდნენ ამ აჟიოტაჟს. ის 0,15 თუ 0,20, რომლითაც ლარი გაუფასურდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში და შემდეგ დაბრუნდა მაჩვენებელზე, ეს იყო მთლიანად აჟიოტაჟური კომპონენტი. ეს ცხადიც არის, დღევანდელ დღეს ლარი გარკვეულ დონეზე არის დასტაბილურებული.

ამ მაჩვენებელში, რომელიც დღეს გვაქვს, არ არის ემოციური კომპონენტი. ეს არის პირდაპირ, ფუნდამენტურად გამომხატველი იმ სიტუაციის და პარიტეტის, რაც ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს - ეს არის თურქული ლირა, უკრაინული გრივნა, რუსული რუბლი თუ სხვა”, -განაცხადა პრემიერმა.