პრემიერი - ზუსტად ვიცი, რომ დადგება დღე, როცა ვიტყვით - „ჩვენ ეს ერთად შევძელით“

ზუსტად ვიცი, რომ დადგება დღე, როცა ვიტყვით - „ჩვენ ეს ერთად შევძელით“ და ერთმანეთისთვის წარმატების უამრავი ისტორია გვექნება მოსაყოლი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობისადმი საახალწლო მიმართვისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალა არის მხოლოდ და მხოლოდ ერთობასა და მოქმედებაში, ამიტომ „ყველა ერთად უნდა დავდგეთ, როგორც ერთი ძლიერი ოჯახი, მეტად უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს“.

„მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენს ხალხს აქვს განსაკუთრებული თვისება, გამოიყენოს თითოეული ასეთი შესაძლებლობა, რათა თავისივე ხელით, რეალობად აქციოს საკუთარი ოცნებები და მიზნები. ამ შესაძლებლობების გამოყენებით კი, ჩვენ ერთად ვიქნებით უფრო ძლიერები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მშობლებისათვის და მოხუცებისათვის, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის, ჩვენი ემიგრანტებისათვის, ჩვენი ძალიან საამაყო ჯარისკაცებისთვის. ჩვენ ერთად შევძლებთ, რაც შეიძლება სწრაფად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ და მეტი წელგამართული ოჯახი გვყავდეს. მე ზუსტად ვიცი, რომ დადგება დღე, როცა ვიტყვით - „ჩვენ ეს ერთად შევძელით“ და ერთმანეთისთვის წარმატების უამრავი ისტორია გვექნება მოსაყოლი.

დიახ, ახალი წელი არ გვცვლის ჩვენ - ჩვენ ერთად შევძლებთ შევქმნათ განვითარების, შედეგების, განსაკუთრებული წარმატებების ახალი წელი. გილოცავთ 2017 წლის დადგომას. უფალი გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და მთელ საქართველოს!“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.