ლურჯი ავტობუსები N51 მარშრუტზე გავიდნენ

ახალი, ლურჯი ავტობუსები N51 მარშრუტზე პირველად გავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც  თბილისის მერიიდან იუწყებიან, ავტობუსები გლდანულას დასახლებიდან, გლდანის, დიღმის მასივის, დიდუბის, საბურთალოსა და ვაკის გავლით ბაგების სტუდქალაქამდე იმოძრავებენ. შენარჩუნებულია მგზავრობის სტანდარტული ტარიფი - 50 თეთრი და მერიის მიერ დაწესებული შეღავათები.

ახალი წლიდან სიახლე შეეხება N15 და N95 მარშრუტებსაც, აღნიშნულ ხაზებზე პატარა ავტობუსების ნაცვლად დიდი ყვითელი ავტობუსები იმოძრავებენ.

გერმანული ავტობუსებით „ბოგდანების“ მორიგი ჩანაცვლება იანვრის ბოლოს - N37 მარშრუტზე მოხდება. მარტში კი, თბილისის ავტოპარკი 143 „მან”-ის ავტობუსით განახლდება.

”მერიის მიერ დაწყებული ავტობუსების პარკის გადახალისების პროექტი მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესებისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში კი თბილისის ავტოპარკის სრულად განახლებაა დაგეგმილი”,- აცხადებენ თბილისის მერიაში.