ლევან იზორია - გვსურს, მეტი ინვესტიცია ჩაიდოს საბრძოლო-საწვრთნელი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სათანადო აღჭურვისთვის

გვსურს, მეტი ინვესტიცია ჩაიდოს საბრძოლო საწვრთნელი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სათანადო აღჭურვისთვის , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში განაცხადა, სადაც მან ამერიკელი სენატორების დელეგაციას უმასპინძლა.

იზორიას თქმით, სიმბოლურია, რომ ბედობის დღეს იმყოფებოდნენ სენატორები სტუმრად ერთობლივ ცენტრში და ისურვებდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობა, მომავალ წლებში კიდევ უფრო გამყარდეს.

„ჩვენ გვაქვს ამისთვის გარკვეული სამართლებრივი საფუძველიც. იცით, რომ გასულ წელს მოეწერა ხელი მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. სულ რაღაც ერთი თვის წინ ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის ჩარჩო-გეგმას სამი წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები და ამ მიზნების განხორციელებას უკვე წელს შევუდგებით. კერძოდ, გვსურს, მაქსიმალურად მეტი ინვესტიცია ჩაიდოს შესაბამისი საბრძოლო-საწვრთნელი ინფრასტრუქტურის განვითარების სათანადო აღჭურვისათვის და ის რეფორმები, რომელიც თავდაცვის უწყებაში უკვე მიმდინარეობს, მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერით უფრო თავსებადი გახდეს ნატოსთან“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

მისი თქმით, ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება სწორედ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის უფრო მეტად განვითარება, რათა ის რეგიონში სამაგალითო გახდეს. „გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები, ამისთვის თანხები ბიუჯეტში მობილიზებულია და გვაქვს სურვილი, რომ ყველაფერი კარგად დაგვებედოს“, - დასძინა ლევან იზორიამ.