ბათუმში სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა მაღაზია დააყაჩაღა

ბათუმში, ახალი წლის ღამეს, სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა მაღაზია დააყაჩაღა. ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე თურქულ სუპერმარკეტ „იალჩინში“ კარზე მამაკაცმა ღამის 00:00 საათზე, იმ დროს დააკაკუნა, როცა ახალი წლის დადგომას ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ.

როგორც მაღაზიის მიმდებარედ მცხოვრებლებმა განაცხადეს, სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა სუპერმარკეტის თანამშრომლებს უთხრა, რომ ახალი წლის მისალოცად მივიდა, კარის გაღების შემდეგ კი, მან იარაღის მუქარით ფული მოითხოვა.

„როგორც კი ფოიერვერკებით ახალი წლის დადგომის აღნიშვნა დაიწყო, კარზე დააკაკუნა სანტას ფორმიანმა ახალგაზრდა კაცმა. ახალ წელს გილოცავთო, გაუღეს კარი, შევიდა მაღაზიაში, ჯერ ახალი წელი მიულოცა თანამშრომლებს, მერე კი იარაღი ამოიღო, ფულს თუ არ მომცემთ, გესვრითო. თანამშრომლები პანიკაში ჩავარდნენ, სალაროში არსებული 40 ათას ლარამდე თანხა მისცეს“, - აცხადებენ ადგილობრივები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღიძრა „სისხლის სამართლის კოდექსის“ 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ჯერ დაკავებული არ არის.