საავტომობილო აფერა - როგორ ატყუებენ „ავტოდილერები“ მომხმარებლებს

შსს-მ  თაღლითობის ბრალდებით 4 ავტოდილერი დააკავა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, 4 პირი: 1975 წელს დაბადებული ვ.ა., 1975 წელს დაბადებული გ.ს., 1983 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1991 წელს დაბადებული ტ.თ. დააკავეს, ხოლო 1982 წელს დაბადებული გ.მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

როგორც შსს-ს პრესსამსახური იუწყება, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა შპს „ნპ საქართველო“ და შპს „მოტორ ლაინ ქომფანი“ დააფუძნეს და ერთ-ერთ ვებ-გვერდზე რეკლამა განათავსეს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან მოქალაქეთათვის სასურველი ავტომანქანები საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად ჩამოჰყავდათ.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები მოქალაქეებთან ყალბ ხელშეკრულებებს აფორმებდნენ, რომელთა საშუალებითაც ვალდებულებას იღებდნენ, მითითებული ავტომობილები ხელმოწერიდან 60 დღის ვადაში ჩამოეყვანათ, ხოლო მოქალაქეებს თანხები შესაბამის ანგარიშებზე ავტომანქანების ჩამოსვლამდე, წინასწარ უნდა ჩაერიცხათ.

”აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის საშუალებით, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ 115 300 აშშ დოლარს და 1900 ევროს. პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის - გ.მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 7200 აშშ დოლარი, ხოლო ბრალდებულების კუთვნილი კომპანიების ოფისებიდან სხვადასხვა დოკუმენტაცია და კომპიუტერები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. მხილებული პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით”, - აღნიშნულია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საავტომობილო თაღლითობის შემთხვევები მანამდეც არაერთხელ გამოვლენილა. მაგალითად, 2015 წლის აპრილში თბილისისა და რომის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროების თანამშრომლობის შედეგად, იტალიაში თაღლითური დაჯგუფების წევრები დააკავეს. ქართველებისგან დაკომპლექტებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა იტალიიდან ავტომობილების საქართველოში იმპორტის მიზნით, შპს "იტალავტო" დააფუძნა. კომპანია თაღლითური განზრახვით კლიენტებს შემცირებულ ფასებს სთავაზობდა, მეტი სანდოობისთვის სკაიპის საშუალებით ახორციელებდნენ იტალიაში არსებული ავტომობილების საქართველოში პოტენციური მყიდველებისთვის ჩვენებას. 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ოქტომბრამდე ჯგუფმა 21 კლიენტთან გააფორმა მომსახურების ხელშეკრულება და თაღლითურად დაახლოებით 180 000 ევრო მიითვისეს.

მსგავსი თაღლითური სქემით საქართველოში დაფუძნებული კომპანიებიც მოქმედებდნენ. მაგალითად, ორიოდე წლის წინ საქართველოში დააკავეს ავტოთაღლითები, რომლებიც „ამერიკან მოტორსის“ შვილობილი კომპანიის წარმომადგენლებად ასაღებდნენ თავს და თაღლითური გზით მოქალაქეებისგან 350 ათასი დოლარი მიითვისეს.