"სასწრაფოდ დაფარეთ დავალიანება სრულად, წინააღმდეგ შემთხვევაში გეზრდებათ დავალიანება და გემატებათ სასამართლო აღსრულების ხარჯი. ვადა დასაფარად 3 დღეა.
ამის შემდეგ გააფრთხილეთ ოჯახის წევრები - იურიდიულ მისამართზე მოხდება იძულების წესით თანხის ამოღება პირადი ნივთებით“, - მსგავსი შინაარსის სმს-ს ონლაინსაკრედიტო კომპანიებისგან იღებს ყველა, ვინც ონლაინსესხს დროულად ვერ დაფარავს.
როგორც წესი, ონლაინსესხები 300-დან 600 ლარამდე მერყეობს, მსესხებელი მის გადახდას არ ჩქარობს და ვალად სოლიდური თანხა უგროვდება. სიტუაციის გამოსწორების მიზნით ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვით, საპროცენტო განაკვეთებს მაქსიმალური ზღვარი უნდა დაუწესდეს და ეს ზღვარი წლიური 100%-ია. მთავრობის განმარტებით, ინიციატივის მიზანი კრედიტორთა დაცვაა. ამ ცვლილებების განმარტებით ბარათში წერია, რომ რიგ შემთხვევებში მიკროსესხებში მათი მცირე ზომის გამო მოსახლეობა ვერ აცნობიერებს, თუ რა მაღალ პროცენტად სესხულობს თანხას, რასაც ხშირ შემთხვევებში ადამიანური ტრაგედიაც მოჰყვება.
საპროცენტო განაკვეთების მიმართ მსგავსი მიდგომა აქვთ დასავლეთში, მაგალითად: კანადაში კრიმინალურად მიიჩნევენ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც წელიწადში 60%-ზე მეტია, ხოლო დიდ ბრიტანეთში - მოკლევადიან სესხებზე ჯამში დასაბრუნებელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს გაცემული თანხის ორმაგ ოდენობას. ავსტრალიაში სამომხმარებლო სესხებზე მაქსიმალური განაკვეთი 48%-იანი ლიმიტით არის განსაზღვრული, ხოლო სინგაპურში - საპროცენტო განაკვეთის ზღვარი თვეში 4%-ია.
საქართველოში მსგავსი შეზღუდვის დაწესებას მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ მიკროსესხების გამცემი კომპანიები მრავალ ადამიანს ასაქმებენ, ახალი რეგულაცია კი მათ სამუშაო ადგილებს შეამცირებს, შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი გაკოტრდეს, ხოლო ხალხი, რომელიც მათი ფინანსებით სარგებლობს, უფულოდ დარჩეს. თუმცა, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი სხვაგვარად ფიქრობს. ადვოკატ ირაკლი უტიაშვილის თქმით, მას ონლაინსესხებით დაზარალებულ მრავალ ადამიანთან ჰქონია შეხება, კარგად იცის მათი პრობლემები და ამ ინიციატივას დადებითად აფასებს.
„მე მაქვს შეხება ხალხთან, რომელსაც ეს კომპანიები შეუსაბამოდ მაღალ თანხებს ედავებიან. ამიტომ, საპროცენტო განაკვეთის ზღვრის დადგენა პოზიტიური და კარგი მოვლენაა, რომელიც ამ ადამიანების მდგომარეობას სერიოზულად შეამსუბუქებს. ვინაიდან სამართლებრივ მხარეებში ბევრი ვერ ერკვევა, 500 ლარის ნაცვლად, დაგვიანების შემთხვევაში შეიძლება 2000-3000 ლარის გადახდაც მოსთხოვონ. მაღალია პირგასამტეხლოც: თუ პირი ვერ აბრუნებს თანხას შეთანხმებულ ვადაში, პირგასატეხლო 500 ლარზე 1500-2000 ლარია, ეს არის არაკეთილსინდისიერება, რომლის წყალობით მოსახლეობაც ღარიბდება და საზოგადოებაც. სამაგიეროდ, ერთეულები მდიდრდებიან. როგორც ჩანს, ეს საკმაოდ სარფიანი საქმეა, სწორედ ამიტომ, მარტო თბილისში 40 ასეთი კომპანია ოპერირებს. ჩემი საუბრის ბოლოს არ შემიძლია არ ვახსენო ზარები და სმს-ები, რომლებსაც ისინი კლიენტებს უგზავნიან, რადგან ეს არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება მსესხებელზე, რომ მან თანხა გადაიხადოს, თუნდაც სხვა სესხი აიღოს, მაგრამ მაინც“, - აცხადებს ირაკლი უტიაშვილი.
როგორც კომპანია „ნეტ კრედიტისა“ და „მონეზას“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად აიწურაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ამ ინიციატივას ბევრი ისეთი ნიუანსი ახლავს, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს.
„ჩვენი კომპანია ყველანაირად ეცდება, რომ ეს სიახლე თავის ბიზნესსაქმიანობას მიუსადაგოს. მართალია, გაცილებით დაბალ მარჟებზე მოგვიწევს მუშაობა და ეს ბიზნესისთვის ერთგვარი გამოწვევა იქნება, მაგრამ ახლა მთავარია ვინ რამდენად სწრაფად და დროულად შეძლებს ადაპტირებას. ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ ამ ახალ ინიციატივაში ძალიან ბევრი დეტალის დაზუსტებაა საჭირო, რადგან ის ინტერპრეტაციის დიდ მასშტაბებს იძლევა. კარგი იქნებოდა, რომ მის ავტორებს ბიზნესთან უფრო მეტი კომუნიკაცია ჰქონოდათ, რაც არ ყოფილა. ჩვენი სურვილი და თხოვნაა, რომ ეს ხარვეზი ახლა მაინც გამოსწორდეს. როდესაც ამბობენ, ონლაინსესხებზე განაკვეთი 600-700%-იაო, წლიურ საპროცენტო განაკვეთს გულისხმობენ, მაგრამ როგორ შეიძლება ამხელა პროცენტი იყოს, როდესაც მომხმარებელი 100 ლარის გადახდაში 119 ლარს გვიხდის? მე სულ ვამტკიცებ, რომ ეს 600-700 პროცენტი ვირტუალური და არარეალური ციფრია, რადგან ჩვენი პროდუქტი არ არის ერთწლიანი, ის ერთთვიანია. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ასეა და საწინააღმდეგო მოსაზრება რეალობას არ შეესაბამება“, - აღნიშნავს ზვიად აიწურაძე.
მისივე თქმით, ონლაინსესხების გამცემ კომპანიებზე შექმნილი წარმოდგენა მცდარია.
„ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალი ეკონომიკის პირობებში, როცა ადამიანს შეუძლია შევიდეს მაღაზიაში და შეიძინოს ლიტვური პური, რომელიც უფრო ძვირი ღირს და არ შეიძინოს ჩვეულებრივი, ქარხნული. აქაც იგივე ხდება: ჩვენს მიერ გაცემული სესხის უკან დაბრუნება გაცილებით რისკიანია, რადგან ის არაუზრუნველყოფილია. თანაც, ჩვენი მომსახურება გაცილებით კომფორტულია: თქვენ შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი დროის ხარჯვის გარეშე შეავსოთ განაცხადი და 15-20 წუთში თანხა ანგარიშზე გერიცხებათ. თუ კლიენტს არ სურს, არც ისესხებს. ძალიან ბევრ ადამიანს სესხის უკან დაბრუნება არ მოსწონს, არადა, თუ ფული არ დამიბრუნეს, მე ვარ დაზარალებული და არა - მსესხებელი. ჩვენს ბიზნესს სწორედ ისეთი ხალხი ლანძღავს, ვინც სესხს არ გვიბრუნებს და ამტკიცებს, რომ ონლაინსესხების გამცემი კომპანიები ბოროტები არიან. რაც შეეხება მათთვის გაგზავნილ სმს-ებს და ზარებს, ეს კანონმდებლობით ნებადართული პროცედურაა, რომელიც მიზნად თანხის ამოღებას ისახავს“, - აცხადებს „ნეტკრედიტის“ წარმომადგენელი.
ონლაინსესხებზე შეზღუდვის დაწესებას დადებითად აფასებს ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა.
„საპროცენტო განაკვეთებზე ზღვრის დაწესება ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან მაღალპროცენტიანი სესხების გაცემა მოსახლეობის და მთელი ქვეყნის ფინანსურ დასუსტებას ნიშნავს. სამაგიეროდ, ონლაინკომპანიებს მოგება შეუმცირდებათ, მაგრამ თუ ადრე ერთ ლარზე 120 ლარს იგებდნენ, ახლო მომავალში 80 ლარს მოიგებენ და ეს უნდა გვაპატიონ. თანაც, ეს ბიზნესი ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში დარეგულირებულია. თუ რომელიღაც სფერო მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას აზიანებს, ბუნებრივია, მას რეგულაციები უნდა დაუწესდეს, მით უმეტეს, რომ ეს არ არის გადამწყვეტი სფერო ჩვენი ეკონომიკისთვის: ონლაინსესხების გამცემი ორგანიზაციების რაოდენობა შემცირდება თუ გაიზრდება, ეს ბევრს ვერაფერს შეცვლის“, - ამბობს მიხეილ დუნდუა.
მიხეილ დუნდუას თქმით, ჩვენი ეკონომიკა მევახშეობით ვერ განვითარდება, თუ გვსურს, რომ ქვეყანა წელში გაიმართოს, რეალური სექტორი უნდა განვითარდეს: „ონლაინსესხის მაღალი განაკვეთი ადამიანს ერთი მცდარი ნაბიჯის ნაცვლად რამდენიმე მცდარ ნაბიჯს ადგმევინებს, ამიტომ, რეგულაციები ამ სფეროში აუცილებელია. კარგი იქნება, 100%-ზე დაბალი ზღვარიც დაწესდეს. მევახშეები ყველა საუკუნეში იყვნენ და იქნებიან, მაგრამ არ არის აუცილებელი ამ ხალხმა ზემოგება მიიღოს“ - აცხადებს ეკონომისტი.
ხათუნა ჩიგოგიძე