ფოთის საკრებულომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 15 600 000 ლარით განისაზღვრა. ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამების უზრუნველყოფა 2017 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტებია.

„მოვიწვიე პირველი რიგგარეშე სხდომა, რაც ეხებოდა 2017 წლის ბიუჯეტის მიღებას და პრიორიტეტებს. დღის წესრიგით მხოლოდ ერთი საკითხი იყო განსაზღვრული. საკრებულოს წევრებმა წინა წელსაც და დღესაც განიხილეს და იმსჯელეს ბიუჯეტის პრიორიტეტებზე. ხმათა უმრავლესობით დავამტკიცეთ ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება შეუდგება ამ ბიუჯეტით მუშაობას“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიამ.

ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორმა წარმომადგენელმა. მათი თქმით, მიღებული ბიუჯეტი ვერ უპასუხებს ქალაქში არსებულ მოთხოვნებს. „წლევანდელი ბიუჯეტი ვერ გაუძლებს და ვერ გასცემს პასუხს ვერცერთ გამოწვევას ქალაქში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ფოთი ისევ და ისევ დატოვებულია უყურადღებოდ, ტრანსფერის გარეშე, 15 მილიონი არის მხოლოდ ხელფასებისა და ობიექტების მოვლა-პატრონობის თანხა. 15 მილიონი ვერ უპასუხებს ვერცერთ პროირიტეტს და ამ ბიუჯეტით მივიღებთ შემცირებულ სამუშაო ადგილებს. ნაცვლად იმისა, რომ ეზრუნათ პირადი კეთილდღეობის შემცირებაზე, დღეს მივიღეთ სულ სხვა შედეგი. მახსოვს წინასაარჩევნო დაპირება: სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა, თუმცა ეს სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა მიღებულია მხოლოდ რამდენიმე ადამიანზე ამ ქალაქში“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი შამუგიამ.

როგორც საკრებულოს სხდომაზე ითქვა, ხელი შეეწყობა ქალაქში კულტურისა და სპორტის განვითარებას. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, ვასილ თოდუას ინფორმაციით, ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები ახალი მშენებლობებისთვის და ამისთვის 1 700 000 ლარია გამოყოფილი. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე კი 4 800 000 ლარი დაიხარჯება.

სხდომას საკრებულოს 12 წევრი ესწრებოდა.