1 იანვრიდან მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებლებს ელექტროენერგიის მოხმარებაზე შეღავათი დაუწესდათ

2017 წლის 1 იანვრიდან მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ადამიანები ელექტროენერგიის შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ. კერძოდ, „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები აბონენტის მიერ მოხმარებული არაუმეტეს 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50%-ს სახელმწიფო აანაზღაურებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რამდენ აბონენტს შეეხება აღნიშნული შეღავათი, მაგრამ ენერგეტიკის სამინისტროში ეს ინფორმაცია არ აქვთ. რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებებს, 2016 წლის მაისში თავიდან არსებულ 1 582 მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებას 99-38 ათას მაცხოვრებლიანი დასახლებაც დაემატა. ჯამში, დღეის მდგომარეობით, 1 681 მაღალმთიანი დასახლებაა.

მთის კანონი 2015 წელს შემუშავდა, რომლის თანახმადაც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირებისთვის სხვადასხვა სახის შეღავათი გასული წლიდანაც ამოქმედდა.

მათ შორის, 2016 წლიდან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებს, ახალშობილზე ფულადი დახმარება დაენიშნა - პირველ და მეორე ბავშვზე 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარის, ხოლო მესამე და მომდევნო ბავშვებზე ორი წლის განმავლობაში თვეში 200 ლარის ოდენობით. ასევე 2016 წლიდან მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერები დამატებით პენსიის 20%-საც იღებენ. ასევე გარკვეული შეღავათები აქვთ პედაგოგებს, სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალს და სხვა.