მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი - მერიას აქვს ერთადერთი პოზიცია - ის იცავს როგორც მოქალაქეების, ასევე ინვესტორის ინტერესებს

მერიას აქვს ერთადერთი პოზიცია - ის იცავს როგორც მოქალაქეების, ასევე ინვესტორის ინტერესებს - ამის შესახებ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ სუხიშვილის ქუჩის მოსახლეობასა და ინვესტორს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კარლო ლაფერაძემ აღნიშნა, მოცემულ შემთხვევაში ქალაქის მერია ელოდება მხარეებს შორის შეთანხმებას, ამავდროულად ქალაქის მუნიციპალიტეტი მზაობას გამოთქვამს საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს მიღწეული შედეგის აღსრულების პროცესში.

”შეხვედრაზე დადგა საკითხის მოგვარების რამდენიმე ვერსია. როდესაც ისინი გვეტყვიან, რომ მზად არიან საკითხის განხილვისთვის და მოგვარებისთვის, ქალაქის მერია მზად არის განიხილოს მიღებული გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

მერიას აქვს ერთადერთი პოზიცია - ის იცავს როგორც მოქალაქეების, ასევე ინვესტორის ინტერესებს. თუ ამ საკითხის დარეგულირებისთვის საჭიროა რესურსი, მზად არის მერია ჩაერთოს. ჩვენ მზად ვართ მათ მიერ მიღწეული შეთანხმება ავსახოთ კანონმდებლობაში”, - განაცხადა მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა დავის მოგვარების რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ალტერნატიული ფართი, პროექტის მოცულობის შემცირება და მომიჯნავე სკვერის გაუმჯობესება.

რაც შეეხება სკვერისთვის სტატუსის შეცვლას, კარლო ლაფერაძის განცხადებით, სუხიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერისთვის სტატუსის შეცვლას ადგილი არ ქონია.

”თუმცა თუ არსებობს მშენებლობის ნებართვის გაცემის კანონიერების საკითხი მათ შეუძლიათ ეს სასამართლოში გაასაჩივრონ”, - განაცხადა მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ.

ვარკეთილი 3-ის, მე-3 მიკრორაიონის სუხიშვილის ქუჩის მცხოვრებლები მათი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობას აპროტესტებენ. მოქალაქეების თქმით, მშენებლობა სკვერის ტერიტორიაზე, სარეკრეაციო ზონაში მიმდინარეობს.