ავტოსაგზაო შემთხვევებისას ყველაზე მეტი - 99 ადამიანი თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, ყველაზე ცოტა - 1 ადამიანი კი ახალციხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე; ხონი-ქუთაისის; თბილისი-მარნეული-სადახლოს; ოზურგეთი-ნატანებისა და ბათუმი-ახალციხის გზებზე დაიღუპა.
ამის შესახებ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ მიერ ქვეყნის მასშტაბით 2010-2015 წლების განმავლობაში ავარიების ე.წ. "პრობლემური მონაკვეთების" ანუ "შავი წერტილების“ შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ასოციაციის ცნობით, სწორედ ამ „შავ წერტილებზე“ ხდება ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა და გარდაცვლილების/დაშავებულების რაოდენობა საგანგაშოდ მზარდია. პროცენტულად ყველაზე მეტი - 50.7% ავარია მსუბუქ ავტომობილთან შეჯახებაზე მოდის; შემდეგ ადგილზეა ქვეითთან შეჯახება - 16.7 %-ით; 13.8% დაბრკოლებას ეჯახება; ხოლო 13.1%-ისთვის შეჯახება ამობრუნებით დასრულდა; 1.9%-ი კი გაჩერებულ ტრანსპორტს შეეჯახა.
რაც შეეხება მიზეზებს, 33.5%-ში ავარიების მიზეზი მანევრირების წესების დარღვევაა; 14.3% შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა; 11.2% სიჩქარის გადაჭარბება/გასწრების წესების დარღვევაზე მოდის; 7.4 % -ში ავარიების მიზეზი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა ხდება; 5.8%-ში დისტანციის დაუცველობა; ხოლო 18.8%-ში ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი საერთოდ დაუდგენელია.
„არასწორ მანევრირებაზე საუბარი, რომელზეც ყველაზე მეტი, 33.5 % მოდის არის ძალიან ზოგადი და ინფორმაციული თვალსაზრისით არაფერს გვაძლევს. რადგან არასწორი მანევრირების გამომწვევი მიზეზი არ ჩანს. თუ ამ 33.5 %-ს დავუმატებთ ოფიციალურად დაუდგენელ 18.8 %-ს, მივიღებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების 52.3 %-ში რეალური გამომწვევი მიზეზი ვერ დგინდება.
„შესაბამისად, ჩვენი ასოციაციის აზრით: 1. "შავი წერტილების" შესწავლა სხვადასხვა დარგის ექსპერტების მიერ ადგილებზე უნდა ხორციელდებოდეს, შემდეგ კი სამოქმედო გეგმა უნდა შეადგინონ; 2.უნდა დაინერგოს სტატისტიკური მონაცემების შეგროვების თანამედროვე ტექნოლოგიები, რათა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის საშუალება მოგვეცეს; 3.საჭიროა აღნიშნულ მონაკვეთებზე ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელება, უსაფრთხოების სტანდარტების უმაღლეს დონეზე აყვანა; 4. კამერებით და რადარებით აღჭურვა და 5. პრევენციის მიზნით, აღნიშნული წერტილების არსებობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება,“ - ნათქვამია ასოციაციის მიერ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.