რუსთავში კოსტავას გამზირის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა

რუსთავში, ქალაქის ისტორიული ნაწილის - კოსტავას გამზირის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა. ცენტრალური გამზირის რეაბილიტაციის პროექტის ფარლებში, კოსტავას ქუჩის #1-დან #17-მდე და ფიროსმანის ქუჩის #3 და #5 საცხოვრებელი კორპუსების ფასადების გამაგრება, მოპირკეთება და დაზიანებული არქიტექტურული ორნამენტების რესტავრაცია განხორციელდა, შენობები შეიღება და ფასადებზე სპეციალური მინათებები დამონტაჟდა. კოსტავას გამზირზე მთლიანად შეიცვალა შიდაკომუნიკაციები, დამონტაჟდა სარწყავი სისტემა, მოეწყო გამწვანების ზოლები და გარე განათების სისტემა.

,,კოსტავას გამზირზე შენობებს პირვანდელი სახე დაუბრუნდა. ჯამში რესტავრაცია ჩაუტარდა 19 საცხოვრებელ კორპუსს და შენობებზე დამონტაჟდება თანამედროვე სანათები. კოსტავას გამზირის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ასევე შეიცვალა სანიაღვრე სისტემა, სავალ ნაწილზე დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო ბაზალტის ბორდიურები. გზის სავალი ნაწილის ზედაპირი მოპირკეთდა ქვაფენილით, ტროტუარსა და გაზონს შორის მოეწყო ბაზალტის ქვით მოპირკეთებული დეკორატიული კედელები, გაკეთდა გაზონები, დამონტაჟდა სარწყავი სისტემა, რომელიც მდინარე მტკვრიდან გაფილტრული წყლით მომარაგდება, ტროტუარზე განთავსდა სკამები, ურნები და სასმელი წყლის შადრევნები, გზის სავალი ნაწილის გასწვრივ და ტროტუარზე დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე სისტემა“,- განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

კოსტავას გამზირის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება აპრილის ბოლოს დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროექტისთვის 4 500 000 ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო.

2016 წელს ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რუსთავში სულ 17 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.