უძრავი ქონების ლარში ფასდადებას უარყოფითი შეფასება მოჰყვა როგორც ამ სფეროს სპეციალისტების, ასევე მესაკუთრეების მხრიდან. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბინის მფლობელები ფინანსურ ბალიშებს ქმნიან, რათა მერყევი კურსის პირობებში, არ დაზარალდნენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, შესაბამისად, რეალურად უძრავი ქონება ქვეყანაში ხელოვნურად ძვირდება.
საქართველოში ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების უმეტესობა ნაღდი ფულით სრულდება. ბინების ლარში გაყიდვით მისი ფასი გაიზრდება, რადგან ეროვნული ვალუტის სტაბილურობის იმედი არავის აქვს. ლარის კურსი ხანდახან დღეში 5-10 პუნქტით იცვლება, ამიტომ ბინის მფლობელებმა თავის დაზღვევის მიზნით, უძრავი კაპიტალი კიდევ უფრო მეტად "დააფასეს". როგორც მაკლერები ამბობენ, საშუალო ფასიანი ბინები დედაქალაქში დაახლოებით 8000 დოლარით გაძვირდება. ეს კი უძრავი ქონების რეალიზაციას შეამცირებს. ამით დაზარალდება როგორც გამყიდველი, ასევე მყიდველიც.
უძრავი ქონების სააგენტო "კიბის" დირექტორ ნელი გოგუაძის აზრით, ბინების ლარში გაყიდვა, უძრავი ქონების ბაზრის გამართულ მუშაობას ხელს შეუშლის. მისი აზრით, ისედაც ძვირი ბიზნესი ამ გადაწყვეტილებით უფუნქციო გახდება. ამის თავიდან აცილების ერთ-ერთ გზად კი ყველა საბანკო თუ სამშენებლო ოპერაციის ლარში განხორციელებას მიიჩნევს.
"ერთი მხრივ, კარგია სესხის ეროვნულ ვალუტაში გაცემა, მაგრამ ქონების ფასის ლარში გადაყვანას ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს. სამშენებლო კომპანიებს გაუჭირდებათ ეროვნულ ვალუტაში დააფიქსირონ გასაყიდი ქონების ღირებულება იმის გამო, რომ მასალას უცხოური ვალუტით ყიდულობენ. საბოლოოდ, არ გვექნება სტაბილური ფასი და ძალიან შეფერხდება უძრავი ქონების ბაზარი. იმ ადამიანების უმრავლესობას, ვინც ბინას ყიდის, ზოგს ვალის გასასტუმრებლად ჭირდება თანხა, ზოგს სხვა აუცილებლობა გააჩნია. ამ მხრივ რთული წელი გველოდება. ასეთი რეალობის წინაშე რომ არ აღმოვჩნდეთ, ბანკის სესხიც და უძრავ ქონებასთან მიბმული სხვა საკითხები უნდა რეგულირდებოდეს ეროვნულ ვალუტაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არ იქნება ადვილი პროცესი", - განუცხადა "რეზონანსს" გოგუაძემ.
ბინების ეროვნულ ვალუტაში გაყიდვა რთულად წარმოუდგენია "აი-ჯი-ეს ჯგუფის" ხელმძღვანელს შოთა გუჯაბიძეს. როგორც მან "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, ხელისუფლების გადაწყვეტილება მიმართულია არა უძრავი ქონების ბაზრის სასარგებლოდ, არამედ ლარიზაციის პროგრამისკენ. ამიტომაც ეს ნაბიჯი ლარზე მოთხოვნას გაზრდის, თუმცა ბინების რეალიზაციის მაჩვენებელს საგრძნობლად შეამცირებს.
"უძრავი ქონების ლარში გაყიდვა, პირველ რიგში, მიმართულია ლარიზაციის პოლიტიკიდან გამომდინარე. ძალიან რთული იქნება კერძო ბიზნესი ვაიძულოთ ლარზე აიღონ ორიენტირი. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ეროვნული ვალუტის სტაბილურობას უფრო წაადგება, ვიდრე უძრავი ქონების ბაზარს. ლარი შეიძლება უფრო მტკიცე გახდეს და მთავრობის გადაწყვეტილება ლარიზაციის კუთხით მართებულიც აღმოჩნდეს, მაგრამ მხოლოდ უძრავი ქონების ეროვნულ ვალუტაში გაყიდვა მას ვერ გაამყარებს. ეს უნდა მოხდეს გრძელვადიანი, ხანგრძლივ პერიოდზე გაწერილი ეკონომიკური პოლიტიკით.
უძრავი ქონების ბაზრის მხრიდან რომ შევხედოთ დღევანდელ ვითარებას, აქ რთული დილემის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ვერ ვაიძულებთ კერძო მესაკუთრეს, თავის ქონება გაყიდოს ლარში. იგი აიღებს დადგენილ კურსს მიმდინარე პერიოდში და შესაბამის თანხას დააწესებს ეროვნულ ვალუტაში. ორიენტირი ამ შემთხვევაში მაინც დოლარი იქნება, როგორც უფრო მყარი ვალუტა. მიზანი გარკვეულწილად მიუღწეველი დარჩება.
იმისათვის, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ლარი დომინირებდეს, იგი უნდა იყოს სანდო ვალუტა, გრძელვადიან პერიოდში სავალუტო რყევებისა და ეკონომიკური შოკების მიმართ მდგრადი", - აღნიშნა შოთა გუჯაბიძემ.
პარლამენტის გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია დილერებში და მოსახლეობის იმ ნაწილში, რომლებიც ბინას ყიდიან. უძრავი ქონების დილერი რუსუდან მიქავა "ბიზნეს-რეზონანსთან" მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ეს კერძო ბიზნესის ჩაძირვის დასაწყისია, ხოლო ლარიზაცია, უბრალოდ, მიზეზი.
"დილერები ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თავი დავიზღვიოთ, ამიტომ უძრავი ქონების ღირებულებას გავზრდით. ეს თავიდან აგვაცილებს კურსის უეცარი ცვლილებისას მომხდარ სხვადასხვა გაურკვევლობას. ვინაიდან ლარი მყარი არ არის, ჩვენ იძულებულნი ვართ ასე მოვიქცეთ. დასაწყისისთვის ძალიან ძვირია ნებისმიერი ფასმომატებული საქონელი, განსაკუთრებით, უძრავი კაპიტალი, რომლის ფასიც ისედაც მაღალია.
ჯერ ისედაც არ არის მოთხოვნა ბინებზე, რადგან ხალხს უჭირს, ახლა უფრო შემცირდება და ფაქტობრივად, მშრალზე ვრჩებით. ვინ იყიდის გაძვირებულ ქონებას? იძულებულნი ვართ, საშუალოდ, 5000-დან 10 000-მდე შუალედში გავაძვიროთ ბინები. რაც ნამდვილად არ არის მცირე თანხა. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება კერძო ბიზნესის ჩაძირვად უფრო მიმაჩნია, ვიდრე ლარის გამყარების წინაპირობად", - განაცხადა რუსუდან მიქავამ.
მიღებული გადაწყვეტილებით მოსახლეობის არც ის ნაწილია კმაყოფილი, რომლებიც უძრავი ქონების ყიდვას აპირებდნენ. ბინის შეძენის მსურველი ანი ბერიძე მიიჩნევს, რომ ლარში უძრავი ქონების გაყიდვა მყიდველისთვის ზარალია და გაცილებით მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე რეალურად ფასობს.
"გაზაფხულისთვის ბინის შეძენას ვაპირებდი, თუმცა პარლამენტის მიღებული გადაწყვეტილება, ბინების ლარში გაყიდვის თაობაზე, მაფერხებს. უძრავი ქონება ისედაც ყოველთვის ძვირად ფასობდა, ახლა კი ძველ ღირებულებას თითქმის მეხუთედი დაემატება. ვალუტის მერყეობისგან თავს ყველა დაიზღვევს.
ისეთ სოციალურ პირობებში, როგორშიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი იმყოფება, რთულია ბინის ყიდვა და კიდევ დამატებით თანხასთან შეჭიდება. ახლა ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში ვარ, ალბათ, მაინც მომიწევს ბინაში არარეალური ფასის გადახდა", - აღნიშნა ანი ბერიძემ.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"