მექსიკელებმა საპროტესტო აქციაზე საწვავის გაზრდილი ფასები გააპროტესტეს

ათასობით მექსიკელმა პრეზიდენტის სასახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე საწვავის გაზრდილი ფასები გააპროტესტა.

გასულ თვეს მექსიკის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან საწვავის სუბსიდირებას შეწყვეტდა, რამაც ფასების 20%-იანი ზრდა გამოიწვია.

„ეს გამოიწვევს ფასების ზრდას საოჯახო პროდუქციაზე. აიწევა ტორტილიას, ხორცის, ტრანსპორტის ფასები“, - განაცხადა ერთ-ერთმა მანიფესტანტმა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პროტესტმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო. 6 კაცი დაიღუპა პოლიციასთან შეტაკებისას, 1500 ადამიანი დააკავეს.

მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საწვავის სუბსიდირების გაგრძელება ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნიდა.