პრემიერ-მინისტრი ტურიზმის სფეროში დადებით სტატისტიკას მიესალმება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტურიზმის სფეროში დადებით სტატისტიკას მიესალმება. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ნახევარი მილიონი ადამიანით გაიზარდა.

„2016 წელს საქართველოს 6 350 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია და 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ტურიზმიდან შემოსავალმა. ეს არის ძალიან კარგი შედეგი და ეს არის შედეგი იმ საერთო ძალისხმევისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების საერთაშორისო პოზიციონირების კუთხით. ჩვენ ვფიქრობთ, ის ინვესტიციები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ 4-სეზონიანი კურორტების შექმნისთვის, ასევე ტურისტულ მიმართულებებზე ახალი გზების მშენებლობისა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორული მოდელების განხორციელების მიმართულებით, არის კიდევ უფრო გასაფართოებელი, ვინაიდან მას მოაქვს კონკრეტული შედეგები. ეს მიმართულება გაგრძელდება, გაძლიერდება“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, წელს არაერთ საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციის გამოცემაში საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა, რაც მისასალმებელი შედეგია.