ნინო ჯავახაძე - მსოფლიო ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახავს

მსოფლიო ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახავს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა.ნინო ჯავახაძის შეფასებით, მსოფლიო ბანკის მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივის 2017 წლის იანვრის გამოცემის პროგნოზი ასახავს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ სწორ რეფორმებს, მათ შორის 4 პუნქტიან გეგმას, რომელიც მიმართულია სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდაზე.

„მსოფლიო ბანკის მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივის 2017 წლის იანვრის გამოცემის მიხედვით, საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2017 წლისთვის იქნება 5, 2 პროცენტი. ეს განსაკუთრებულად საგულისხმოა იმ კონტექსტში, რომ იგივე მსოფლიო ბანკის 2016 წლის ივნისის პროგნოზით, ეს მაჩვენებელი იყო 4,5 პროცენტი. ჩვენ გვაქვს პროგნოზებში გაუმჯობესება და ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც მსოფლიო ბანკის შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური ზრდა ჩვენს რეგიონში შემცირებულია და პროგნოზებიც ამ მიმართულებით გაუარესებულია. საქართველოს ეკონომიკური ზრდა ამ პროგნოზის მიხედვით იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში და ამ მაჩვენებლით ჩვენ გავუსწრებთ როგორც ჩვენს უშუალო მეზობლებს, ასევე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

მსოფლიო ბანკის 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით, საქართველო ლიდერია რეგიონში და მისი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებულ მაჩვენებლებს: საქართველო 5,2%, სომხეთი 2,7%, აზერბაიჯანი 1,2%, რუსეთი 1,5%, თურქეთი 3%. • ამ გაუმჯობესების მნიშვნელობა კიდევ უფრო აშკარაა იმის ფონზე, რომ მსოფლიო ბანკმა შეამცირა როგორც მსოფლიო ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები, რომლებიც 2017 წლისათვის 2,7%, ხოლო 2018 წლისათვის 2,9% შეადგენს, ასევე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფის ეკონომიკური ზრდის შეფასება 2017 წლისათვის 2,4%-მდე.

საქართველო 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით უსწრებს ევროპისა და ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა; ბულგარეთი (3,2%), უნგრეთი (2,6%), პოლონეთი (3,1%), რუმინეთი (3.7%), ხორვატია (2,5%), მოლდოვა (2,8%), და სხვა. • საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2018 წლისათვის ასევე ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფში, ლიდერია მეზობელ ქვეყნებთან შედარებით და 5,3% შეადგენს.

ნინო ჯავახაძის კომენტარს ეკონომიკის სამინისროს პრესსამსახური ავრცელებს.