ვახტანგ ბუცხრიკიძე - 17 იანვარს საბანკო სექტორი სესხების გალარების პროგრამის დაწყებას მომზადებული ხვდება

17 იანვარს საბანკო სექტორი სესხების გალარების პროგრამის დაწყებას მომზადებული ხვდება , - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებთან გალარების სამთავრობო პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ყველა კითხვაზე, რომელიც საბანკო სექტორს ჰქონდა, ამომწურავი პასუხია გაცემული,“ - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და აღნიშნა, რომ „საპროცენტო განაკვეთები ლარში გაცემულ საბანკო პროდუქტებზე ალბათ დარჩება იმ საზღვრებში, რაც არის დღეს“.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხების გალარების პროგრამის დეტალები გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, პროგრამა ოფიციალურად 2017 წლის 17 იანვრიდან ამოქმედდება. მისი მიზანია მომხმარებლებისთვის სესხის მომსახურების ტვირთის შემსუბუქება, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა. პროგრამა ითვალისწინებს ფიზიკური პირების უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი აშშ დოლარით დენომინირებული საბანკო სესხების ნებაყოფლობით გალარებას, ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმების საფუძველზე.