სერგო რატიანი - „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმება ის ვერსიაა, რომელიც რუსეთს აწყობდა

„გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმება ის ვერსიაა, რომელიც რუსეთს აწყობდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს უმცირესობაში შემავალი ფრაქციები იმისთვის იწვევენ, რომ განმარტოს ”გაზპრომთან” მიღწეული შეთანხმების დეტალები. რატიანის თქმით, დადებული შეთანხმება ეწინააღმდეგება ქართულ, ნაციონალურ ინტერესებს.

”საზოგადოებამ იცის, რომ მიმდინარეობს შეთანხმება ”გაზპრომთან”. როგორც ჩანს, რუსულმა მხარემ მიაღწია თავისას, რადგან დადებული შეთანხმება ის ვერსიაა, რომელიც რუსეთს აწყობდა. ეს შეთანხმება ეწინააღმდეგება ნაციონალურ ინტერესებს. ეს არის პრობლემური, როგორც ენერგოუსაფრთხოების მხრივ, ასევე ეკონომიკურად არის წამგებიანი. სწორედ ამის გამო უმცირესობა ვიწვევთ კახა კალაძეს იმისთვის, რომ განმარტოს ამ შეთანხმების დეტალები. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა ხდება ამ კუთხით”, - განაცხადა სერგო რატიანმა.

სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. კერძოდ, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.