კომპანია "ზიმოს" იურისტი - ბობოყვათში ხეებზე ტოტების მოჭრას მაგნოლიას გადატანასთან კავშირი არა აქვს

კომპანია "ზიმოს" იურისტი, რომელსაც ციხისძირიდან გურიაში მაგნოლიის ხე გადააქვს, აცხადებს, რომ ბობოყვათის ტერიტორიაზე ხეებზე ტოტების მოჭრა მიმდინარეობს, თუმცა ამ სამუშაოებს მაგნოლიას გადატანასთან არავითარი კავშირი არა აქვს. „ერთი თვეა საგზაო დეპარტამენტი ბობოყვათის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზაზე ხეებთან დაკავშირებით სამუშაოებს ახორციელებს. მინდა განვმარტო, რომ ამ ფაქტს მაგნოლიას გადატანასთან არანაირი კავშირი არ აქვს. აქტიურად ვმუშაობთ, რომ ეს უზარმაზარი ხე სანაპირომდე მივიტანოთ, ველოდებით გამოდარებას, რათა გურიაში ტრანსპორტირება დროულად მოვახდინოთ",- განაცხადა კომპანია "ზიმოს" იურისტმა ირაკლი შანავამ.

ციხისძირიდან გურიაში ასწლოვანი ხის გადატანის პროცესი მიმდინარეობს. ბობოყვათში ტრაილერზე განთავსებული უზარმაზარი მაგნოლიას ხე რკინიგზის ლიანდაგის მეორე მხარეს გუშინ გადაიტანეს. როგორც კომპანია “ზიმოს“ იურისტი ირაკლი შანავა „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, მაგნოლიას ხეს დღის ბოლომდე სანაპირომდე მიიტანენ, გამოდარებას დაელოდებიან და გურიაში, დენდროლოგიურ პარკში გადარგავენ.