ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს. როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, კორპუსს რეკრეაციულ ზონაში აშენებენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ლევან კაპანაძის თქმით, თუ საჭირო გახდება აქციები თბილისის მერიასთან და საკრებულოსთანაც გაიმართება.

”ჩვენ აქ ვაპროტესტებთ კორპუსის მშენებლობას, რადგან მიგვაჩნია, რომ მერიის მიერ სწორი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. გაცემულია ნებართვა მშენებლობაზე. ფაქტობრივად, რეკრეაციულ ზონაში, თუმცა მერიაში დაგვიმტკიცეს, რომ ამ ზონას რეკრეაციული ზონის სტატუსი არ გააჩნია. მაგრამ, მოსახლეობას გვაქვს ერთი აზრი და ამ აზრზე დავრჩებით ბოლომდე, რომ ჩვენ გვინდა საჯარო სივრცე, გამწვანების ზოლი, რომელიც აქ იყო. თბილისის მერიის მისამართით გვაქვს მესიჯი, რომ დაუბრუნოს ამ ადგილს საჯარო ადგილის სტატუსი, გამწვანების ზონის სტატუსი. რაღაც არაკაპიტალური შენობა იდგა, იმის გამო მიანიჭეს სამშენებლო კოეფიციენტი, რეალურად ეს არის სკვერის ნაწილი”, - განაცხადა ლევან კაპანაძემ.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნებამდე საუბარი იყო ინვესტორისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზებაზე, თუმცა ეს ალბათ წინასაარჩევნო სიცრუე იყო.

მისი თქმით, მშენებელს იურიდიულად ყველანაირი საბუთი აქვს, მიწა მისია, პროექტი, ყველაფერი დაკანონებული აქვს.

”თუ საჭირო იქნება, გავაგრძელებთ სასამართლოს გზით დავას და თუ არ იქნება საჭირო, აქციების სახით მივმართავთ უფრო რადიკალურ ზომებს, წავალთ მერიასთან, საკრებულოსთან კანცელარიასთან, გზას გადავკეტავთ. მოვიდეს ვინმე კომპეტენტური პირი, რომელიც ადგილზე შეისწავლის და ბოლოს და ბოლოს, დაადგენს, რომ ან საერთოდ გავჩუმდეთ ხალხი ან მშენებელი გადაიყვანონ სხვა ადგილზე”, - განაცხადა ლევან კაპანაძემ.

აქციის ორგანიზატორის ნათია ბერსენაძის თქმით, სამომავლოდ რა ნაბიჯებს გადადგამენ, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად უნდა გადაწყვიტონ.

”იურისტთან გავიარეთ საკითხები, რამდენიმე სტრატეგია დავამუშავეთ და უკვე ადგილობრივებთან ერთად შევიკრიბებით, მოვილაპარაკებთ და შევჯერდებით ბრძოლის იმ ხერხებზე, რა მეთოდებითაც გავაგრძელებთ საჯარო სივრცისთვის ბრძოლას”, - განაცხადა ნათია ბერსენაძემ.