გიორგი კვირიკაშვილმა სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობის მიმართულება დააანონსა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობის მიმართულება დააანონსა.

პრემიერ-მინისტრი დღეს ისნის რაიონში ათას მოსწავლეზე გათვლილი 103-ე სკოლის გახსნის ღონისძიებას დაესწრო და ახალი ინიციატივის შესახებაც ისაუბრა.

„მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი და ნომერ პირველი პრიორიტეტი არის განათლების რეფორმა და ამ რეფორმის ფარგლებში მინდა დღეს დავაანონსო ერთი ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ჩვენი ბავშვები ძალიან აქტიურად არიან ჩართული თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაში და ისინი ნამდვილად გვისწრებენ უფროსებს ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, ჩვენი ბავშვები დღეს არიან აბსოლუტურად კონკურენტუნარიანები საერთაშორისო მასშტაბით ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში. ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში კიდევ უფრო აქტუალური ხდება ფიზიკური აქტივობა და ფიზიკური ვარჯიში. ამიტომ ჩვენ გვინდა დღეიდან ყველა ბავშვს, ყველა სკოლას შევთავაზოთ ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და ფიზიკური აქტივობა. ჩვენ, განათლების სამინისტროსთან, ასევე სპორტის სამინისტროსთან, სპორტულ ფედერაციებთან შევიმუშავებთ ყველა სკოლისთვის განსაკუთრებული ფიზიკური აქტივობის პროგრამას, რომელშიც ყველა ბავშვი იქნება ჩართული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება უშუალოდ 103-ე სკოლას, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს სკოლა არის თანამედროვე სტანდარტების და მთლიანად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის.

„ვფიქრობ, რომ ყველა ცივილიზებული საზოგადოებისთვის აუცილებელია წავშალოთ ზღვარი და ყველას შეეძლოს მიიღოს თანამედროვე განათლება და თავიდანვე იყოს ინტეგრირებული საზოგადოებაში“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა 103-ე სკოლა განათლებისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრებთან ერთად გახსნა.