კასპი-კავთისხევის გზაზე, მდინარე მტკვარზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კასპი-კავთისხევის საავტომობილო გზის მე-5 კილომეტრზე, მდინარე მტკვარზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციას ახორციელებს.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, თაღოვანი ხიდი გასული საუკუნის 40-იან წლებშია აგებული და თითქმის 90 წელი მისი სრული რეაბილიტაცია არ მომხდარა. ხიდზე დაზიანებული იყო შუალედური ბურჯები, თაღები და ბეტონის ზედაპირები, რაც საფრთხეს უქმნიდა ხიდზე მოძრაობის უსაფრთხოებას და ავტოტრანსპორტით მძიმე ტვირთების გადატანას.

მდინარე მტკვარზე არსებული ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად მოგვარდება აღნიშნული პრობლემები. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: ხიდის ბურჯების გაძლიერება, მალის ნაშინისა და სარეგულაციო კედლების შეკეთება; სავალი ნაწილისა და ხიდთან მისასვლელი გზების მოწესრიგება. ასევე განხორციელდება საგზაო ნიშნების მოწყობის, ხიდის სავალი ნაწილის მონიშვნის, შემოფარგვლისა და გადასასვლელი ფილების მოწყობის სამუშაოები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოები, კასპი-კავთისხევის გზაზე მოძრავ ავტოტრანსპორტს საშუალებას მისცემს, უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდნენ განახლებულ ხიდზე.

ამ ეტაპზე, გაბიონის საყრდენი კედლის მოწყობის, შუალედური ბურჯებისა და მალის ნაშენის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გივი ჩოჩია ადგილზე გაეცნო.

პროექტი 2016 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 110 687 ლარია. სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული.