მეანაბრეები კიდევ ერთი საფინანსო კომპანიის თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ

საფინანსო კომპანიის ”ემეფიქს ბროკერ ჯორჯია” მეანაბრეებს 2 თვეა კუთვნილი პროცენტი არ მიუღიათ. დაზარალებულები 3 დღეა კომპანიის შენობასთან აქციას მართავენ. კომპანიის თბილისის ოფისის შენობა დაკეტილია. როგორც მეანაბრე მამუკა კაპანაძემ ”ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა, საფინანსო კომპანიაში 300-ზე მეტ ადამიანს 5 000-დან 100 ათას დოლარზე მეტი თანხა აქვს შეტანილი.

”ერთი კვირის წინ ვესაუბრეთ კომპანიის წარმომადგენელს, რომელმაც გვითხრა, რომ სიები შედგენილი იყო და 2-3 დღეში შეგვეხმიანებოდნენ თანხის გადმოსაცემად, თუმცა არ დაურეკავთ. ამის შემდეგ გამოგვიცხადეს, რომ კომპანია გაკოტრდა და იგი ნიკარაგუაში სხვა კომპანიამ შეიძინა, ჩვენი ხელშეკრულებები კი მათთვის უნდა გადაგვეგზავნა. ეს ყველაფერი დროის გასაყვანადაა მოფიქრებული. ჩვენი ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელი რუსეთში გაიქცა. პროკურატურასა და საფინანსო პოლიციას უკვე მივმართეთ. უახლოეს დღეებში ვგეგმავთ ადვოკატის აყვანასა და აქციების პერმანენტულად გაგრძელებას“, - განაცხადა დაზარალებულმა მეანაბრე მამუკა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ”ემეფიქს ბროკერ ჯორჯია” კლიენტებს მხოლოდ დოლარსა და ევროში ემსახურებოდა და მათ თანხას 35-45%-ში სთავაზობდა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, სახეზეა კლასიკური პირამიდის სქემა.

”მოსალოდნელიც იყო, რომ მსგავსი სქემით მომუშავე კომპანიებს პრობლემები შეექმნებოდათ, მას შემდეგ, რაც ერთი ასეთი კომპანია ფაქტობრივად გაკოტრდა, საუბარია საფინანსო კომპანია ”საქართველოზე”. როგორც ჩანს, ამ ფაქტის შემდეგ ახალმა მომხმარებლებმა ”ემეფიქს ბროკერ ჯორჯია”-ში თანხები აღარ შეიტანეს და ეს სქემაც ჩამოიშალა. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არის პირამიდა ბიზნესის კრიმინალიზება და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა, რათა მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენცია მოხდეს. შესაძლოა კიდევ გამოჩნდეს კომპანიები, რომელებიც თავის კლიენტების გასტუმრებას ვეღარ მოახერხებენ. აუცილებელია, რომ მომხმარებლები მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც ეს კომპანიები კლიენტებს საბაზროზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობენ,” - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

საფინანსო კომპანია ”ემეფიქს ბროკერ ჯორჯია” საქართველოში 2013 წლიდან ფუნქციონირებს, მსოფლიო ბაზარზე კი 10 წელია, რაც გამოჩნდა.