საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულ ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აღნიშნული მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი თბილისში 16-18 იანვარს გაიმართა, რომელზეც საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე მხარეებს შორის განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა - საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, საბაჟო პროცედურები, საქონლის წარმოშობის წესები, ინსტიტუციური საკითხები და ვაჭრობაში დაცვითი ზომები.

გენადი არველაძის თქმით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა ყველა ძირითადი მიმართულებით, დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე ღია საკითხი, რომელზე შეთანხმებაც სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მოხდება.

„ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ჰონგ-კონგთან, რაც არის დამატებით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება ამ მხარესთან. ჩვენი მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ჩვენს ექსპორტიორებს ბაზარი გავუხსნათ. შესაბამისად, აღნიშნული შეთანხმება მოიცავს როგორც მომსახურებით, ასევე საქონლით ვაჭრობას. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ორ რაუნდში მოვახერხეთ ჰონგ-კონგის მხარესთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულება ძირითად დებულებებზე, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომელსაც ალბათ, დამატებით ერთი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დასჭირდება, რათა მოლაპარაკებები სრულიად დავასრულოთ“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

როგორც უწყებაში განმარტეს, შეთანხმების ამოქმედების შემდგომ საქართველოს დამატებით გაეხსნება 7.3 მილიონიანი ბაზარი, რაც გაზრდის საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე პოზიტიურად აისახება.