ნაძალადევში, ავშნისა და ნუშის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ავშნისა და ნუშის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია გრძელდება. როგორც  თბილისის მერიიდან იუწყებიან, ამ ეტაპზე ნუშის ქუჩაზე წყალსადენის ქსელი იცვლება, სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.

”ნაძალადევის რაიონის გამგეობის და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ავშნისა და ნუშის ქუჩებზე მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. მას შემდეგ, რაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის“ კონტრაქტორი კომპანია დაასრულებს წყალსადენზე მუშაობას, ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით, გაგრძელდება კანალიზაციის სისტემაზე მუშაობა. ორივე ქუჩაზე დასრულდა 2 648 გრძ.მ კანალიზაციის მაგისტრალური ქსელის მოწყობა, შემდეგ ეტაპზე გაკეთდება დაერთებები და მოსახლეობა ახალი სისტემით ისარგებლებს.

მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, ნაძალადევის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უზრუნველყოფს - დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ბორდიურები და ტროტუარები. ნუშის და ავშნის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 1 600 000 ლარია”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.