2016 წელს უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 18.3%-ით გაიზარდა

2016 წელს უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 18.3%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 647 117 ერთეული შეადგინა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2016 წელი 2012-2015 წლებთან შედარებით ზრდით გამოირჩევა.

”წინა წელთან შედარებით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 43.5%-ით, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 12.5%-ით გაიზარდა. რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წელთან შედარებით პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი გაიზარდა: 2016 წელს განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 77.1%-ს - მეორადი, ხოლო 22.9%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2015 წელს კი, შესაბამისად, 81.1% და 18.9%)”, - ნათქვამია საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.