საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულები შიმშილობას წყვეტენ

საპროტესტო აქციები გაგრძელდება, თუმცა შიმშილობას შევწყვეტთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ საფინანსო კომპანია „საქართველოს“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა თინათინ შერვაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც შერვაშიძემ აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა იყო საკმაოდ ნაყოფიერი და დეპუტატებისგან მიიღეს დაპირება, რომ ისინი სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს შეხვდებიან, რათა საკითხი დაიძრას და პრობლემა გადაიჭრას.

„მჯერა, რომ შედეგი იქნება. აქციები კი მაინც გაგრძელდება, თუმცა შიმშილობას შევწყვეტთ და დაველოდებით შედეგს. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში, ამ შემთხვევაში ჩვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ვითხოვთ, რადგანაც დროში გაწელილია. ჩვენ გვსურს დეპუტატებს ჰქონდეთ შეხება და მაქსიმალური კონტაქტი უწყებებთან. ვიმედოვნებთ, რომ თუ სურვილი იქნება, მოიძებნება შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი“, - განაცხადა თინათინ შერვაშიძემ.

რაც შეეხება შეხვედრის კიდევ ერთ მონაწილეს, საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეს, ელისო ასათიანს, მისი თქმით, დეპუტატებისგან ისინი სისტემატურად მიიღებენ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს თემის ირგვლივ პროცესები.

„ჩვენ დეპუტატებს მოვახსენეთ საქმის ვითარება, ისაინი დაგვპირდნენ მაქსიმალურ ჩართულობას, დაგვპირდნენ, რომ სალაპარაკოდ მოიწვევენ სხვა უწყებებს, მაგალითად, ფინანსურ პოლიციას, ასევე პროკურატურას და მოხდება კოორდინირება. მათივე თქმით, ყოველ კვირას გვაცნობენ საქმის ვითარებას“, - განახადა ელისო ასათიანმა.

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეები პარლამენტში მამუკა მდინარაძესა და გედევან ფოფხაძეს შეხვდნენ. შეხვედრა დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა.