საქართველოს მოსახლეობის 80%-ს საკუთარი შემოსავლიდან არაფერი რჩება. პირველადი ხარჯის გარდა, რომელიც საარსებო სურსათის შეძენას ხმარდება, მათი შემოსავალი საბანკო ვალდებულებებსა და სხვადასხვა სახის კრედიტის დაფარვისკენ მიიმართება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ყოველი მეშვიდე ოჯახი კი ნასესხები ფულით იკვებება.
სტატისტიკოსების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ 2016 წელი ფინანსური კუთხით საკმაოდ მძიმე იყო, მონაცემებიც ასეთივე სიმძიმის იქნება. საშუალო და დაბალი ფენის ოჯახებში თუნდაც უმნიშვნელო თანხის დაზოგვის შანსს ქვეყნის სოციალური მდგომარეობა არ იძლევა. სპეციალისტები 2017 წლის პირველ ნახევარზეც ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ მოსახლეობას წინ "მშიერი თვეები" ელოდება. ამის საბაბს მკვეთრად გაუფასურებული ლარი და გაძვირებული საწვავი იძლევა.
2015 წლის მონაცემებით (შარშანდელი მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა), ერთი ადამიანის თვიური შემოსავალი 284,5 ლარს შეადგენდა, ერთი შინამეურნეობის, ანუ ერთი ოჯახისა კი - 1022,3 ლარს. ამავე მონაცემებით, ერთი ოჯახის თვიური ხარჯი - 1004,7, ხოლო ერთი ადამიანის 279,6 ლარია. ამ შემთხვევაში შემოსავლებსა და ხარჯებს შორის მინიმალური სხვაობა იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ფულის გადადებას საერთოდ ვერ ახერხებს. ამის შესაძლებლობა ზედაპირული გათვლით, მხოლოდ 30%-ს გააჩნია.
აღსანიშნავია ისიც, რომ შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობა თითქმის ყოველწლიურად იკლებს. თუ 2015 წელს ერთ შინამეურნეობაზე ეს სხვაობა 17,6 ლარი იყო, ერთ ადამიანზე კი სულ რაღაც 4,9 ლარი, 2014-ში სხვაობამ, შესაბამისად, 27,7 და 7,7 ლარი შეადგინა.
ემპირიული დაკვირვებით, საქართველოში მდიდრები და შეძლებულები ერთად აღებული, დაახლოებით, 10%-ია. აქედან, 2-2,5% მდიდარია, დანარჩენი - შეძლებული. საშუალო ფენაც ასევე 8-10%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო დანარჩენი 80%-ის ცხოვრების სტანდარტი არ აკმაყოფილებს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების ნორმას.
აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოფიციალური მონაცემები საეჭვოა და წინა წლებში ერთი ოჯახის განკარგვადი შემოსავალი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე "საქსტატის" მიერ მოყვანილი. ამჟამად ქვეყნის მოსახლეობის 80% მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. ყოველი მეშვიდე ოჯახი შიმშილს სხვადასხვა კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსოებიდან აღებული კრედიტების მეშვეობით ებრძვის, ყოველი მესამე ოჯახი კი უმძიმეს მდგომარეობაშია - ისინი არასრულფასოვნად იკვებებიან.
"სასურსათო კალათის ღირებულება არის 108 ლარი, პირადი სამომხმარებლო კალათის ხარჯი კი 108 ლარს დამატებული 108 ლარის 30% და ამას მიიჩნევენ საარსებო მინიმუმად, რაც არასწორია. გერმანელი სტატისტიკოსი ენგელი წერდა, რომ ოჯახი, რომელიც არ დაიკმაყოფილებს პირველად მოხოვნილებას, სხვა რამეზე ვერ ფიქრობს და სხვა სახის პროდუქტს ვერ იძენსო. შემდეგ ეს ექსპერიმენტი ამერიკელებმა ჩაატარეს, 100 დოლარზე ზუსტად ისე გამოვიდა, როგორც ენგელი წერდა. თუ ადამიანის შემოსავალი არის 100 დოლარი ან ნაკლები (აქ საუბარია 70-იან წლებზე) ის ვერ ფიქრობს მეორადი მოხმარების საგნებისა და პროდუქტების შეძენაზე.
როცა ასეთი არარეალური სამომხმარებლო კალათა გაგვაჩნია, არა მგონია ვინმეს შემოსავლიდან რაიმე რჩებოდეს. ჩვენი მოსახლეობის 80% სიღარიბეში ცხოვრობს. ყოველი მეშვიდე ოჯახი იკვებება ნასესხები ფულის მეშვეობით. სესხით აღებული თანხით ცდილობენ შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლას. ყოველი მესამე ოჯახი არის უმძიმეს მდგომარეობაში, ისინი არასრულფასოვნად იკვებებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 2016 წლის ზუსტი მონაცემები არ გვაქვს, ვფიქრობ, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება. ლარი მკვეთრად გაუფასურებულია, საწვავის ფასი გაზრდილი. იმ პირობებში შეუძლებელია ოპტიმისტურად ვუყუროთ მომავალს", - განუცხადა "რეზონანსს" კოღუაშვილმა და იქვე დაამატა, რომ საქართველოს მთავრობა სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მოსახლეობის ხარჯზე ატარებს. ასეთ ნაბიჯს კი სოციალური ფენების უფრო მეტად გაღატაკება მოჰყვა.
"აქციზსაც ჩვენ ვიხდით, ესეც საერთო ხარჯს ემატება. კიდევ კარგი, ხორბლის მოსავალი იყო, ძალიან დიდი მარაგია და მისი ფასიც მისაღები. ეს რომ არ ყოფილიყო, პურის გაძვირება გარდაუვალი იქნებოდა. საქართველოს მოსახლეობის 62%-ზე მეტი იკვებება პურით. ეს კატასტროფაა. მისი წილი არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს კვების მთლიან ბალანსში 30%-ზე მეტი. ამ მხრივაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა.
2017 წლის პირველი ნახევარი იქნება ძალიან რთული. ამ დროს სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პროდუქცია არ არის და ძალიან გაგვიჭირდება. ხალხი დამოკიდებული იქნება ელემენტარულ კვებაზე. თუ ქვეყანაში საშუალო ფენა არსებობდა, ისიც გაქრა და ღარიბების კატეგორიაში გადავიდა. ღარიბები და ღატაკები ორი სხვადასხვა ცნებაა, მაგრამ მათი რაოდენობა დღევანდელი მაჩვენებლით 80%-ია. ამის შემდეგ შეიძლება ვთქვათ, რომ სანერვიულო არაფერია?", - აღნიშნა კოღუაშვილმა.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სამომავლოდ ოჯახების განკარგვადი შემოსავლის კლება მოსალოდნელი არ არის.
"ოჯახის საშუალო ფულადი შემოსავალი თვეში 1000 ლარის ფარგლებში მერყეობს. საშემოსავლო გადასახადი 20%-ია, ამას ემატება ბანკების ვალდებულება. 2016 წელს პროცენტის მომსახურებისთვის, ერთ ოჯახს წლის განმავლობაში რაც უნდა გადაეხადა პროცენტის სახით ბანკებისთვის, ეს შეადგენდა ოჯახის ერთი თვის შემოსავლის 80%-ს. ეს 12-ზე რომ გავყოთ სადღაც 6%-ს მივიღებთ. გარდა ამისა, სხვა საკრედიტო ვალდებულებებიც აქვთ. ჯამში ფულადი შემოსავლებიდან ოჯახს 65% უნდა დარჩეს.
განკარგვადი შემოსავალი შეიძლება ისე არ იზრდება როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ფაქტია, რომ კლება არაა. არ მგონია წელსაც 2014 და 2015 წლის მსგავსი სიტუაცია იყოს", - განაცხადა არჩვაძემ.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"